Accessibility links

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჩორჩანა-წნელისის ინციდენტზე მოსკოვში შეხვედრას გამართავს


ჟან კრისტოფ ბელიარი

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის, ჟან კრისტოფ ბელიარის განმარტებით, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების დაკავების საკითხზე შეხვედრა მოსკოვში გაიმართება:

„პასუხისმგებელი პირები გამართავენ შეხვედრას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ მოხდა ეს ინციდენტი. სიტუაციის დასტაბილურება საქართველოს ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, შესაბამისად, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც შეხვდება რუს კოლეგებს. ვაფასებთ ჟენევის ფორმატს და პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მცდელობას, ვინაიდან ევროკავშირი ეფუძნება სწორედ ამ მიდგომებს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაშიც საკითხი მშვიდობიანი გზებით დარეგულირდება და მოვახდენთ დიპლომატიურ რეაგირებას“, - ჟან კრისტოფ ბელიარის განცხადებით, ევროკავშირის მისიის დამკვირვებლის დაკავება სერიოზული ინციდენტია.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ამბობს, რომ დიდი პრობლემაა, როცა მისიას, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებისთვისაა მოწოდებული, მსგავს გამოწვევებთან გამკლავება უწევს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ევროკავშირის მეთვალყურეები 24 ოქტომბერს, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG