Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რესპუბლიკური პარტია“  მიესალმება NATO-ს ეგიდით შავ ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს


ბათუმის ნავსადგურში NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის გემების - იტალიის საფლაგმანო ხომალდის VESUVIO და თურქეთის ხომალდის AMASRA-ს შესვლას „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ ეხმაურება.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიესალმება NATO-ს ეგიდით შავ ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს საქართველოსთან ერთად აშშ-ს, იტალიის და თურქეთის მონაწილეობით, რომლებიც მიმართულია როგორც რეგიონის უსაფრთხოებაში ნატოს პასუხისმგებლობის გაზრდისკენ, ისე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერისკენ“, - აცხადებს პარტია.

„რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, და შესაბამისად, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უშუალოდ საქართველოს როლი რეგიონალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

პარტიის განცხადებით, NATO -ში გაწევრების გზაზე, რაც საქართველოს სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია ჩრდილო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის, აგრეთვე საკუთარი დემოკრატიული განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის პროცესში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ბაზების განლაგება შესაძლებელიცაა და აუცილებელიც.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ მის ტერიტორიაზე NATO -ს წევრ ქვეყნებთან და განსაკუთრებით აშშ-თან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას რეგიონში მდგრადობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან მომავალი საფრთხეების, უარყოფითი გავლენების და დესტრუქციული ქმედებების გასანეიტრალებლად.

„შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას აქტიურად და ინტენსიურად წამოიწყოს აშშ-თან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი სამხედრო ბაზის გახსნისკენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“, - აცხადებს „რესპუბლიკური პარტია“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის ინფორმაციით, NATO -ს მუდმივმოქმედი შენაერთის და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდები და აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფები ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG