Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური ბორდერიზაციაზე: მაქსიმალურად ვცდილობთ, არ ჩაგვითრიონ დაძაბვაში


შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან ბორდერიზაციაზე, ოკუპაციასა და ევროკავშირის მონიტორების დაკავებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირობით საზღვართან მოქალაქეების და ჟურნალისტების გადაადგილება უსაფრთხო არ არის, მაგრამ ვითარება გამწვავებული არ არის. გომელაურის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან ტერიტორიების შემოსაზღვრა და ღობეების გახსნა ახალი ტერიტორიების დაკარგვას არ ნიშნავს. მისი თქმით, საქართველომ ეს ტერიტორიები 2008 წელს დაკარგა.

„ძალიან ცუდი ფაქტი იყო, დამკვირვებლები რომ დააკავეს და გადაიყვანეს. აქედან გამომდინარე ყოველთვის პრობლემა აქვთ ხოლმე პრესას, მოქალაქეებს. რატომ არ გვიშვებთ, შევალთო. მაინც პრობლემაა. შეიძლება დააკაონ, გადაიყვანონ და დიდი პრობლემა შეიძლება შეიქმნას არაფრის გამო. ვნახეთ, რომ ამ ადამიანებსაც არ ერიდებიან. არ არის უსაფრთხო. რაც შეეხება ვითარებას, გამწვავებული ნამდვილად არ არის, ძალიან სამწუხაროა, რომ ასე აფასებენ. გაავლებენ 100 მეტრ ღობეს ოსურ-რუსული მხარე და დაკარგა სახელმწიფომ ახალი ტერიტორიებიო. ეს ტერიტორიები დავკარგეთ ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ.

სადაც ღობე არ არის გავლებული, იქ გადავდივართ? ვხნავთ ან ვთესავთ? ნათესავებთან მივდივართ? ვერ მივდივართ. ღობე იქნება იქ თუ, უკაცრავად და, რუსული ჯარი იქნება და არ შეგვიშვებენ, ჩემთვის ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ღობეს რომ ავლებენ და გამყოფ ხაზს აკეთებენ, თუმცა ის, რომ დღეს დაკარგა საქართველომ 500 მეტრი ტერიტორია, არა! ის დაკარგა საქართველომ 2008 წლის შემდეგ. ღობე არ არის გავლებული აფხაზეთის მიმართულებით ყველგან. არ გვაქვს დაკარგული თემა?ზემო სვანეთში, კოდორის ხეობაში ღობე არ არის გავლებული, დაკარგული არ გვაქვს? არასწორი თემაა. ნამდვილად გადმოწიეს ღობე ჩორჩანაში, ღობე არა, საგუშაგო გაგვიხსნეს, სამწუხაროდ. იმის საპასუხოდ ჩვენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო. პრევენციული ღონისძიებები ტარდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, არ ჩაგვითრიონ დაძაბვაში, არ მოხდეს სროლები, არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ღონისძიებაში“, - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG