Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, კონგრესს გადასცეს მიულერის გამოძიების მთლიანი ანგარიში


აშშ-ში მოსამართლემ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, კონგრესის კომიტეტს მთლიანად გადასცეს საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის საიდუმლო ანგარიში, იმ ფონზე, როცა კანონმდებლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო მოკვლევისთვის მტკიცებულებებს აგროვებენ.

25 ოქტომბერს გამოცემულმა ბრძანებამ დაადასტურა საიმპიჩმენტო მოკვლევის კანონიერება, როცა მოსამართლე ბერილ ჰოუელმა იუსტიციის სამინისტროს დაავალა, მასალები 30 ოქტომბრამდე გადასცეს წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ განიხილავს გადაწყვეტილებას, ტრამპის ადმინისტრაცია მას სავარაუდოდ გაასაჩივრებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას მიიჩნევენ გამარჯვებად დამოკრატებისთვის, რომლებიც დახურულ კარს მიღმა აგროვებენ ინფორმაციას აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირებისგან. საქმე ეხება ადმინისტრაციის მცდელობას, უკრაინაში დაწყებულიყო გამოძიება ტრამპის პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის გარშემო.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „კიდევ ერთი დარტყმაა პრეზიდენტ ტრამპის მცდელობაზე, თავი კანონს მაღლა დააყენოს“.

მასალებმა შესაძლოა გამოავლინოს აქამდე გასაიდუმლოებული დეტალები ტრამპის ნაბიჯებზე 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას, და იქცეს ნაწილად დემოკრატების მცდელობისა მისთვის იმპიჩმენტის მოსაწყობად. აქამდე კონგრესს მიულერის ანგარიშის მხოლოდ რედაქტირებული ვერსია მიეწოდა. იმ ფორმით მასში არ იყო საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ დადგენილიყო რუსეთსა და ტრამპის საარჩევნო გუნდს შორის კრიმინალური შეთქმულების არსებობა. მაგრამ დადგინდა, რომ ტრამპს ვერ მოეხსნებოდა სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლის ბრალდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG