Accessibility links

site logo site logo

ტრამპმა უკრაინას გარკვეულ საქონელზე გადასახადების გარეშე ვაჭრობა აღუდგინა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას გარკვეულ საქონელზე აღუდგინა გადასახადების გარეშე ვაჭრობა, ამ ზომის 2017 წელს გაუქმების შემდეგ, - აცხადებს თეთრი სახლი.

25 ოქტომბრის განცხადებაში ტრამპი ამბობს, რომ 2017 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების მიზეზი იყო კიევის მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლების არასათანადო დაცვა. თუმცა, ტრამპი ამბობს, რომ აღადგენს გადასახადების გარეშე ვაჭრობას, რადგან უკრაინას ამ საკითხთან მიმართებით პროგრესი აქვს.

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, გადასახადების მოხსნა შეეხება დაახლოებით მესამედს იმ 36 მილიონი დოლარის ოდენობის სავაჭრო შეღავათიდან, რომელიც უკრაინას, თავის დროზე, პირველად შეეხო.

ამ ნაბიჯის ფონია წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების მხრიდან წარმოებული მოკვლევა, რომელსაც შესაძლოა ტრამპის იმპიჩმენტი მოჰყვეს. მოკვლევა ძირითადად კონცენტრირებულია მის ნაბიჯებზე კიევთან მიმართებით. დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპმა უკრაინაზე ზეწოლა განახორციელა საიმისოდ, რომ კიევს მისი მეტოქის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის გარშემო გამოძიება დაეწყო - ამ მიზნით შეაჩერა კიევისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება და თან თეთრ სახლში პოტენციური ვიზიტი გამოიყენა ბერკეტად.

მოკვლევა ეყრდნობა 25 ივლისს შემდგარ სატელეფონო საუბარს ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რომელშიც ტრამპი ზელენსკის სთხოვს გამოძიების დაწყებას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ვაჟზე, ჰანტერზე, რომელსაც უკრაინაში ბიზნესინტერესები ჰქონდა. ჯო ბაიდენი ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატია, რომელსაც ტრამპი შესაძლოა 2020 წლის არჩევნებზე დაუპირისპირდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG