Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებს „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის საცხოვრებელზე იერიშის შესახებ ცნობის ფონზე


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 27 ოქტომბერს, „მნიშვნელოვან“ განცხადებას გააკეთებს, იტყობინება თეთრი სახლის წარმომადგენელი, ჰოგან კიდლი. ამის ფონზე არაერთმა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-მა 27 ოქტომბრის დილით სამხედრო ოპერაცია ჩაატარა ტერორისტული გაერთიანების, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სავარაუდო საცხოვრებელ არეალში. აშშ-ის და ერაყის სპეცსამსახურების წყაროზე, ასევე სირიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მედიასაშუალებები, სხვათა შორის, "სი-ენ-ენი", "ნიუზუიკი" და "როიტერსი" ავრცელებენ ცნობას, რომ აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა ოპერაცია ჩატარა სირიის ჩრდილოეთში, იდლიბის პროვინციაში. ამ რეგიონს აკონტროლებს სხვადასხვა ისლამისტური დაჯგუფება, ასევე სირიის ოპოზიციის რაზმები, მაგრამ იქ მოქმედებენ „ისლამური სახელმწიფოს“ მცირე შენაერთებიც.

ცნობით, აშშ-ის სპეცრაზმმა იერიში მიიტანა სახლზე სოფელ ბაბიშაში თურქეთის საზღვართან. იმის თაობაზე, რომ ოპერაციის სამიზნე იყო ალ-ბაღდადი და ის, შესაძლოა, მოკლეს, აშშ-ის არმიის ოფიცერზე დაყრდნობით, პირველი ცნობა გაავრცელა „ნიუზუიკმა“.

ოფიციალური დასტური, რომ ალ-ბაღდადი მოკლეს, არ გავრცელებულა.

დონალდ ტრამპმა ადრე ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ „მოხდა რაღაც ერთობ მნიშვნელოვანი“.

არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა ტრამპის განცხადება სპეცრაზმის იერიშს.

ალ-ბაღდადის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ადრე არაერთხელ გავრცელებულა. მან თავის თავს „ისლამური სახელმწიფოს“ „ხალიფა“ უწოდა, 2014 წელს მისი ჯგუფის მიერ ერაყის ქალაქ მოსულის აღების შემდეგ. ეს ცნობები შემდეგ არ დადასტურდა. ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიის და ერაყის დიდი ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, უცნობი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG