Accessibility links

ახალი ამბები

ირანმა დიდი გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაუშვა ოთხი ჟურნალისტი და მშრომელთა უფლებების დაცვის ორი აქტივისტი

ირანის მშრომელთა უფლებების დაცვის აქტივისტი სეფიდე ღოლიანი

ირანმა ოთხი ჟურნალისტი და მშრომელთა უფლებების დაცვის ორი აქტივისტი, მათ შორის, სეფიდე ღოლიანი, საპატიმროდან გაათავისუფლა დიდი გირაოს სანაცვლოდ.

24 წლის ღოლიანმა საპატიმროში ცხრა თვე გაატარა. ის „ამნესტი ინტერნეშენელის“ მოწოდებიდან ერთ დღეში გაათავისუფლეს. მან ხუთდღიანი შიმშილობა ახლახან დაასრულა. ღოლიანი გაუშვეს 120 ათასი დოლარის შესაბამისი თანხის გირაოს სანაცვლოდ.

სააგენტო ისნა იტყობინება, რომ მშრომელთა უფლებების დამცველი მეორე აქტივისტი, ათეფე რანგრიზი ასევე გაათავისუფლეს, მაგრამ პირობების შესახებ დეტალები ცნობილი არაა. რანგრიზი მაისის შემდეგ ჰყავდათ დაკავებული და მანაც იშიმშილა.

საპატიმროში დარჩა მშრომელთა მოძრაობის კიდევ ორი აქტივისტი.

გირაოს გადახდის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ საპატიმროდან გაუშვა ასევე ოთხი ჟურნალისტი. სამი მათგანი, ინტერნეტგამოცემა „გამიში“ მუშაობდნენ, ერთი კი, რეფორმისტული გაზეთის, „შარღის“ ჟურნალისტია.

ყველა ახალი ამბავი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

ახალი სახეობის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 155 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის, 27 გამოჯანმრთელებულია, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 344.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

თბილისის ტელეანძა აშშ-ის დროშის ფერებში გაანათეს

მხარდაჭერის ნიშნად თბილისის ტელეანძა ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში გაანათეს.

თბილისის მერიის განცხადებით, „საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების! - ამ მესიჯს საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორს უგზავნის“.

რამდენიმე დღის წინ, საქართველომ ასეთივე სოლიდარობა იტალიელ და ესპანელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთისა და იტალიის დროშის ფერებში გაანათა.

3 აპრილის 17:00 საათის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატებში კორონავირუსის 258 214 შემთხვევა არის დადასტურებული. გარდაცვლილია 6 605 ადამიანი. გამოჯანმრთელებული - 9 408.

დეპარტამენტის უფროსის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაინფიცირებული ექიმი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის ამირან გოგიტიძის თქმით, თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. ექიმი აზუსტებს, რომ მისი ქმარი არის ეროვნული ბანკის თანამშრომელი.

ამირან გოგიტიძე ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ლაპარაკობს. „ახლანდელი მდგომარეობით, ჩვენი ექიმი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მიდი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია”, - აღნიშნა მან.

ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, კორონავირუსი ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა.

რუსეთის საარჩევნო უწყებებმა ყოველგვარი არჩევნები გადადეს 21 ივნისის შემდეგი პერიოდისთვის

რუსეთის საარჩევნო უწყებების ოფიციალურმა პირებმა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს ყველა ტიპის არჩევნები, ადგილობრივი და საყოველთაო, 21 ივნისის შემდეგი პერიოდისთვის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი არჩევნები ჩატარდება 21 ივნისის შემდეგ. ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პარფიმოვამ განაცხადა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით და მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გადავწყვიტეთ, გადავდოთ ყოველგვარი კენჭისყრა, რეფერენდუმი, რომლებიც დაგეგმილი იყო მომავალი თვეებისთვის სანამ ეპიდემიოლოგიურ ვითარება არ გამოსწორდება.

უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნება დართო ცენტრალურ საარჩევნო კომისას, შეცვალოს დაგეგმილი არჩევნების ვადები. 21 ივნისამდე 100 სხვადასხვა არჩევნები უნდა ჩატარებულიყო რუსეთში. 22 აპრილისთვის დაგეგმილი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კენჭისყრა. 25 მარტს პუტინმა ის გადადო განუსაზღვრელი ვადით კორონავირუსის აფეთქების გამო. პუტინი, როგორც პრეზიდენტი ანპრემიერი რუსეთს მართავს 20 წელიწადზე მეტია.

როჰანი: აშშ-ის სანქციებმა ხელი ვერ შეუშალა ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციებმა ხელი ვერ შეუშალეს ირანის შესაძლებლობას, შებრძოლებოდა ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსის ყველაზე დიდი აფეთქებას. „ჩვენ პრობლემები არ შეგვქმნია, რადგან ერთად ვიყავით, გვაქვს კარგი მენეჯმენტი, კვალიფიცირებული და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი და ეს ყველაფერი ერთად“, განაცხადა როჰანიმ კაბინეტის სხდომაზე 2 აპრილს.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ისლამური რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მონაცემებით, ირანს არ ექნება უცხოური ვალუტის მხრივ პრობლემა (ირანული) წლის ბოლომდე, მარტის თვემდე.

აშშ-ის სანქციებმა ირანს წაართვა შემოსავლის წყარო და დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას, რასაც ეროვნული ვალუტის მკვეთრი დაცემა მოჰყვა.

როჰანის გამოსვლის ფონია ირანის და სხვა ქვენების ოფიციალურ პირთა, ასევე გაეროს და აშშ-ის კანონმდებელთა მოწოდება, შეუმსუბუქოს ირანს აშშ-მა სანქციები, რაომლებმაც, ზოგიერთი მოსაზრებით, გაურთულა ირანს ვირუსის აფეთქებასთან ბრძოლა. ამ ქვეყანაში 3300 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 50-მდე ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა ტვიტერში დაწერა, რომ როჰანის კომენტარი დასტურია ვაშინგტონის პოზიციისა, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა ირანს ხელი ვერ შეუშალა შებრძოლებოდა პანდემიას.

 StopCoV-ფონდში 23 მილიონამდე ლარი ჩარიცხეს

1 დღეში, StopCoV ფონდში ჩარიცხვები 1 მლნ 700 ათასი ლარით გაიზარდა, - იტყობინება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. სულ 3 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV-ფონდში 22 მილიონი 800 ათასი ლარია მობილიზებული.

StopCoV-ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, „StopCoV-ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება“.

ონლაინგადარიცხვა შესაძლებელია როგორც სწრაფი გადარიცხვის მეთოდით, ასევე ინტერნეტბანკით. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

საქართველოში კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 319.

ანატოლი ბიბილოვი ექიმს, განცხადების გამო, სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა

„გაცნობებთ, რომ 01:04.2020-ში მორიგეობაზე უარი ვთქვი, რადგან COVID-19-თან დაკავშირებული კარანტინის გამო არ მქონდა იდივიდუალური აღჭურვილობა (პირბადე, ხელთათმანი, სათვალე და დამცავი კომბინეზონი), - რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი ექიმის ამ განცხადებას, ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი.

როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ექიმის ეს ახსნა-განმარტება ადგილზე სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი ინტერესი მოჰყვა. ექიმის განცხადება სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა გაიზიარა. ერთ-ერთი პოსტის ქვეშ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კომენტარი დატოვა და ექიმს სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა.

„პანიკის ადგილი არ არის გემზე, სადაც შენ გარდა სხვა ბევრი ადამიანია. პანიკიორებს სამსახურიდან დავითხოვთ, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ადამიანი, მით უმეტეს ექიმი, რომელსაც უკვე დღეს ეშინია ვირუსის, რომელიც არ არის და არ გამოდის სამსახურში, გათავისუფლებას ექვემდებარება. მით უმეტეს, რომ ის არ არის ინფექციონისტი“, - წერს ანატოლი ბიბილოვი.

მაისის ბაშო ორი კვირის დაგვიანებით გაიმართება

პროფესიული სუმოს ასოციაციამ 2020 წლის სეზონის მესამე სუპერტურნირის - ნაცუ ბაშოს ჩატარების თარიღი შეცვალა.

დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, შეჯიბრება ტოკიოს „კოკუგიკანში“ წინასწარ დაგეგმილზე ორი კვირით გვიან - 24 მაისს დაიწყება და 7 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, დაუშვებენ თუ არა მომავალ ბაშოზე მაყურებლებს. მარტის ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო ცარიელ დარბაზში გაიმართა.

ნაცუ ბაშოზე, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, დოჰიოზე ლევან გორგაძეც გავა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა რიკიშიმ წინა შეჯიბრება მეცხრე მაეგაშირას რანგში ჩაატარა და უარყოფითი ბალანსის - მაკე-კოშის გამო, პირადი რეიტინგი გაიუარესა. კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში, ტოჩინოშინმა შეიძლება უძლიერესთა ლიგაში ადგილი დაკარგოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩიეს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დღეს, 3 აპრილს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხვიჩა კიკილაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს. კანონის თანახმად, უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლე 24 ნოემბრამდე უნდა აერჩია.

უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა რამდენიმე დღის წინ, 31 მარტს იყო დანიშნული, თუმცა, გავრცელებული განცხადების თანახმად, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. უზენაესი სასამართლოს პლენუმს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის საკითხის განხილვის გადადება 3 აპრილისთვის დანიშნულ სხდომაზეც ურჩიეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, 3 აპრილს დილიდანვე მოუწოდეს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეეკავებინა თავი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნისგან.

არასამთავრობო ორგანიზაციები დაუშვებლად მიიჩნევდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნას იმ პირობებში, როდესაც პროცესზე საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ კონტროლის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა.

„გადაწყვეტილების საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცესით მიღებამ გამორიცხა, როგორც კანდიდატზე საჯარო მსჯელობა (მისი ვინაობა მხოლოდ კენჭისყრაზე გახდა ცნობილი), ისე დანიშვნის მიმდინარეობის სამოქალაქო კონტროლი. ეს უარყოფითად აისახება სასამართლო ხელისუფლების ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების, მიმართ ნდობაზე.

აღსანიშნავია, რომ სხდომაში უზენაესი სასამართლოს რამდენიმე წევრმა მონაწილეობა არ მიიღო - ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ ნაბიჯის მნიშვნელობას და ვაფასებთ მას“, - აღნიშნულია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში, რომელიც ამჯერად ხვიჩა კიკილაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ გამოქვეყნდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკალიშვილის არჩევას გამოეხმაურა „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფიც“. ორგანიზაციის თანახმად, ხვიჩა კიკილაშვილი სასამართლოს თავმჯდომარეების იმ „კასტის“ წარმომადგენელია, „რომლებიც დიდი ხანია ქართულ მართლმსაჯულებაში მოსამართლეების პოლიტიკური კონტროლის ფუნქციას ასრულებენ.”

ხვიჩა კიკილაშვილის მიერ განხილულ საქმეთა შორისაა ე.წ. „მიქაუტაძის საქმის” ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელშიც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, გიორგი მიქაუტაძის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს გიორგი მიქაუტაძეს 3 აპრილს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის არჩევას. იგი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ფიცის დადების შემდეგ შეუდგება.

მარნეულში განთავსებული საველე ჰოსპიტალი აიღეს

მარნეულში განთავსებული საველე ჰოსპიტალი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აშალა. მანამდე იქ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღარ არსებოდა ჰოსპიტლის საჭიროება.

„გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საველე ჰოსპიტალი მარნეულში 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200-მდე პაციენტმა გაიარა.

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას აფრთხილებენ, რომ რუსეთს პანდემიასთან ბრძოლისას სანქციებისგან თავის დაღწევა სურს

ევროპის კავშირის პარლამენტის წევრების ერთმა ჯგუფმა წერილი მისწერა ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს და გააფრთხილა ისინი, რომ რუსეთი, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, ცდილობს თავის მიერ გაწეული დახმარება გამოიყენოს ევროკავშირის მიერ მისთვის დაწესებული სანქციებისგან თავის დასაღწევად.

წერილი, რომელიც რადიო თავისუფლებამ იხილა, დათარიღებულია 3 აპრილით. ის გაეგზავნა ევროკომისიას და ევროპის კავშირის საბჭოს, ასევე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ ჯოზეფ ბორელს.

მასში ავტორები ხაზს უსვამენ, რომ წინ აღუდგნენ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ყოველგვარ გადასინჯვას ან გაუქმებას პანდემიასთან კავშირში. "ჩვენ შევიტყვეთ, რომ რუსეთის ფედერაცია მიმართავს საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიებს, როგორიცაა, მაგალითად, იტალიაში ძნელად მოსახმარი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, ან გაეროს ოფიციალური პირების გამოსვლების არასწორი ინტერპრეტაცია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ევროკავშირის ხელმძღვანელობის და ბლოკის წევრების პოზიციებზე სანქციებთან დაკავშირებით".

თუმცა წერილში ეს ნახსენები არაა, რადიო თავისუფლებას წყარომ ამცნო, რომ წერილი უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას "დიდი ოცეულის" წევრებისადმი. პუტინის წინადადებით, ყოველგვარი საერთაშორისო სანქციები უნდა გაუქმდეს. ამგვარი იდეით გამოვიდა უფრო ადრე რუსეთის ფედერაციათა საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩოვი.

წერილში, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტის 19 წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის დაწესებული სანქციები რუსეთს არ უშლის ხელს დაიცვას თავისი ხალხის ჯანმრთელობა და წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლაში, რადგან სანქციები არ ეხება სამედიცინო საქონელს. დოკუმენტის ავტორები დასძენენ, რომ სანქციები გაუქმდება მხოლოდ მაშინ, როცა არსებითი წინსვლა იქნება მიღწეული მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებაში.

იონათამიშვილი ეხმაურება 20 ივნისის შეფასებას სახალხო დამცველის ანგარიშში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა შეაფასა 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში.

„ყოველწლიურად დიდი ინტერესით ვეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს - ამჯერად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ეს უფრო მეტად არის პოლიტიკური დოკუმენტი, ვიდრე მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული“, - თქვა იონათამიშვილმა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საპარლამენტო ფორმატზე გადასვლის შემდგომ, ანგარიშის შესახებ აქტიური დისკუსია გაიმართება.

იონათამიშვილი ანგარიშში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შეფასებებს ეხმაურება.

მისი თქმით, დადასტურებულია ის, რასაც მმართველი გუნდი 2019 წლის 20-21 მოვლენებისას ამბობდა. „რაც შეეხება ივნისის მოვლენების შეფასებას, რასაც ვამბობდით, ფაქტობრივად, ის მიმართულება დადასტურებულია ამ კვლევითაც, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა ღონისძიებები და მინისტრის მხრიდან, მათ შორის, არ ჰქონდა ბრძანებას ადგილი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე გამოვლინდა.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ძალის გამოყენებამდე ადგილზე არ შესრულებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ვალდებულება, როგორიცაა შეკრების მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით წინასწარი გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, მათთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.

ანგარიშის თანახმად, აქციის დაშლის დროს პოლიციამ ძალას გადაამეტა.

პრეზიდენტი და მისი თანამშრომლები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის განმავლობაში კუთვნილი ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ამ სოლიდარული აქტით შეიტანონ წვლილი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში:

„ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ხელფასის ნაწილის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხვის სოლიდარობის აქცია 2 აპრილს დაიწყო. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და მთავრობის წევრები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარი იყო 105 ადამიანზე, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებზე.

ირაკლი კობახიძემ გამოხატა რწმენა, რომ სოლიდარობის აქციაში „ქართული ოცნების“ ასეულობით წევრი და მხარდამჭერი ჩაერთვებოდა.

ჯაღმაიძე: სასულიერო პირმა იჩქარა, როცა თქვა, რომ 9-დან დილის 6-მდე იქნებოდა წირვა

საპატრიარქოს პრესმდივანი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სააღდგომო წირვის ჩატარებაზე საუბრისას იჩქარა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი და ელოდებიან დღესასწაულის მოახლოებას.

"ეს განცხადება გააკეთა ერთმა სასულიერო პირმა - 9 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა მრევლი ტაძარში - მან იჩქარა, არ დაელოდა საპატრიარქოს", - თქვა ჯაღმაიძემ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 21 აპრილამდეა გამოცხადებული. ამ პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

დონალდ ტრამპი: შეთანხმებას მივაღწიეთ ნავთობის გარშემო რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შუამავლობით შეთანხმება შედგა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის, შეაჩერონ ნავთობის მოპოვება და დასრულდეს ნავთობის ფასების ვარდნა, რაც მოჰყვა კორონავირუსის პანდემიას.

ტრამპმა განაცხადა, რომ ელაპარაკა ორივეს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მოჰამად ბინ სალმანს, 2 აპრილს, თუმცა საუბრის დეტალები, როგორ უნდა მოხდეს წარმოების შემცირება, არ გაუმხელია.

ტრამპის თქმით, რუსეთმა და საუდის არაბეთმა უნდა შეამცირონ მოპოვება დღეში 10-15 მილიონი ბარელით, რაც უპრეცედენტო რაოდენობას წარმოადგენს და უდრის მსოფლიო მოპოვების 10-15 პროცენტს. ასეთი შემცირება საჭიროებს ოპეკის - ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის - გარეთ მყოფი ქვეყნების და მათი მოკავშირეების მონაწილეობას. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შუამავლობისას ის არავითარ დათმობაზე არ წასულა საუდის არაბეთსა და რუსეთთან, როგორიცაა, მაგალითად, აშშ-ში შიდა წარმოების შემცირება.

რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის უთანხმოებაა მარტის დასაწყისიდან, როცა მათ ვერ შეძლეს მორიგება წარმოების შეზღუდვის შესახებ კორონავირუსის გავრცელების გამო. მას შემდეგ პანდემიამ გამოიწვია ეკონომიკური აქტივობის შეჩერება და ნავთობის ფასების მკვეთრი დაცემა.

4 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.15 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

4 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1576 ლარი (3 აპრილი - ​3.1813);
  • 1 ევრო - 3.4134​ ლარი (3 აპრილი - 3.4778);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.8782 ლარი (3 აპრილი - 3.9629);
  • 100 რუსული რუბლი - 4.1072 ლარი (3 აპრილი - 4.0593);
  • 1 თურქული ლირა - ​0.4701 ლარი (3 აპრილი - 0.4766).

3 აპრილის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1775 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

ჯაღმაიძე: დაზღვეული არავინ ვართ, მაგრამ ეკლესიაში კლასტერის გაჩენაზე წინასწარი სიხარული სამწუხაროა

საქართველოს საპატრიარქოს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. საპატრიარქოს პრესსამსახურმა ბრიფინგზე თქვა, რომ ელოდებიან დღესასწაულის დღეების მოახლოებას.

„ვინც ფრთხილობს, იმათ ვუთხარით, "დარჩით სახლში", ჩვენ გაზიარებთ... დაზღვეული არავინ არ ვართ, მაგრამ განწყობა, რომ ვიღაცას წინასწარ უხარია, ეკლესიაში გაჩნდეს კლასტერი, არის ძალიან სამწუხარო. ყველას ვთხოვ, ამ პერიოდში მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - თქვა მან.

დღეს, 3 აპრილს მან ეკლესიის წინამძღვრებისთვის უკვე გაავრცელა რეკომენდაციები:

  • ხვალიდან, 4 აპრილიდან ლოცვა შუადღეს, 16:00 საათზე დაიწყება, ეკლესიები კი 20:00 საათზე დაიხურება;
  • ტაძრის ეზოებში უნდა გაკეთდეს 1,5 მ-ის დაშორებით ადამიანების დასადგომი ნიშნულები;
  • ყოველდღიურად და ხშირად გაიწმინდოს ხატები სპირტისა და ვარდის წყლით, იატაკები კი დამუშავდეს.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 148-ს გაუტოლდა, ქვეყანაში უკვე დაწყებულია შიდა გადადებაც.

პაატა იმნაძე: ფულის დეზინფექცია ცხელი უთოთი და სადეზინფექციო საშუალებებითაც შეიძლება

პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, პაატა იმნაძე, მოსახლეობას სახლის პირობებში ფულის ბანკნოტების სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენებით დეზინფექციას ურჩევს.

მისი განმარტებით, ბანკები ამას აკეთებენ, მაგრამ დეზინფექციის მეთოდებს მოქალაქეებმა ინდივიდუალურადაც შეუძლიათ მიმართონ:

„აქ ლაპარაკია არა უფრო იმაზე, ბანკომატიდან ფულს რომ იღებს ადამიანი, არამედ ხელიდან ხელში რომ ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემული ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, საფრთხის შემცველი... რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია სადეზინფექციო ხსნარების თუ იგივე ცხელი უთოს გამოყენება დეზინფექციისთვის. საკმაოდ ეფექტური იქნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

3 აპრილის 15 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 148 შემთხვევა. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

24 საათში 491 პირი დააჯარიმეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმის პირობებში გამოცხადებული ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით დააჯარიმეს 491 პირი.

შსს-ს თანამშრომლებმა, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 19 მოქალაქე დააჯარიმა.

1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

2 პირი დაჯარიმდა თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის.

გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 280 პირი დააჯარიმეს.

შსს-ს შეახსენებს საზოგადოებას, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში 31 მარტიდან კომენდანტის საათი მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.

პაატა იმნაძე უხარისხო სწრაფ ტესტებზე: ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო

პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანა ხარისხიან სწრაფ ტესტებს ელოდება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა უკვე არსებული სწრაფი ტესტების უხარისხობას ის, რომ გუშინ PCR კვლევით ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა ექიმს, რომელსაც სწრაფმა ტესტმა ინფიცირება უჩვენა, მან განაცხადა:

„მე რომ ვამბობდი მაგას, ჯერ თავი შევიკავოთ-მეთქი, რატო არ არიო? რო ვთქვი, ა, ბატონო, არის-თქო, რატო არიო? რა ვქნა ეხლა, ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო.

ვამბობ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ რაც არის, ასე ვთქვათ, ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

3 აპრილის 15 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 148 შემთხვევა. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონზე მეტია, დაღუპულთა რაოდენობა 53 ათასს ასცდა

კორონავირუსის აღნუსხულ შემთხვევათა რიცხვმა მსოფლიოში მილიონს გადააჭარბა. ამის ფონზე იზრდება უმუშევართა რაოდენობა აშშ-ში და სხვა, ეკონომიკურად წამყვან, ქვეყნებში.
აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 3 აპრილს, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ მიაღწია 54 ათასს, მაშინ როცა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 210 ათასია.


პანდემიის შეჩერების ზომების მიუხედავად, ვირუსი სწრაფად გავრცელდა აშშ-ში, ესპანეთსა და ბრიტანეთში, სადაც გასულ 24 საათში ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვმა უმაღლეს წერტილს მიაღწია.

კორონავირუსის აფეთქების შედეგად ეკონომიკური ეფექტი უფრო აშკარა გახდა იმის გამო, თუ რა ზომებს მიმართავენ მთავრობები იმ დარგების მხარდასაჭერად, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდა. „აღდგენა მხოლოდ კოორდინირებული გლობალური ქმედებებითაა შესაძლებელი“, განაცხადა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა ბიორგე ბრენდემ 3 აპრილს.

ნათია თურნავა: 0%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გარკვეულწილად ოპტიმისტურიც არის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირება რთულია.

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თურნავამ თქვა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუს COVID-19-ის პანდემია და ეს გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში და როდის ამუშავდება ადგილობრივი და გლობალური ეკონომიკა.

ეკონომიკის მინისტრმა გარკვეულწილად ოპტიმისტურიც უწოდა „აზიის განვითარების ბანკის“ პროგნოზს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 0% იქნება: „ჯობია ჩვენ ვემზადოთ უარესისთვის და მერე გაგვიხარდეს ყველას ერთად, რომ უკეთესს მივაღწევთ. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.1% იყო. 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2.2% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7%-ით განისაზღვრა.

იმნაძე სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების შესახებ: ვერ მოვიცლი, თორემ შეიძლება წელს წავსულიყავი

პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ რელიგიური ადამიანი არ არის და არც კი ახსოვს, ბოლოს როდის იყო ეკლესიაში.

თუმცა შეკითხვაზე, დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას, მან განაცხადა, რომ მოუცლელობის გამო ამას ვერ შეძლებს, თუმცა, შესაძლოა, სწორედ წელს წასულიყო ეკლესიაში:

„მე დიდი ეკლესიურობით, სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი. რომ გითხრათ ეხლა, ბოლოს როდის ვარ ნამყოფი, ალბათ ნამდვილად დამავიწყდება. ამიტომაც მე ძირითადად მაინც ტელევიზიით ვადევნებ ხოლმე თვალყურს და, რა თქმა უნდა, წელსაც იგივეს ვიზამ. მით უმეტეს, ამ პირობებში, მე ნამდვილად ვერ მოვიცლი ამისთვის. თორემ შეიძლება წელს წავსულიყავი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ, მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მინისტრი: აპლიკაციის გამოყენებით პრევენცია 40%-ით გაიზრდება

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას გააგრძელებს მობილური აპლიკაციით, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, აპლიკაციის გადმოტვირთვა იქნება ნებაყოფლობითი. ეკატეტინე ტიკარაძემ განმარტა, რომ უკვე ჩატარდა კვლევა იმის გასარკვევად, თუ მოსახლეობის რა ნაწილს შეუძლია ჰქონდეს ეს აპლიკაცია.

„შედეგად, გამოვლინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია სოციალური დისტანცირების და პრევენციის გაზრდა 40%-მდე, ეს იქნება ძალიან ეფექტური შედეგის მომცემი, იმისათვის, რომ ჩვენ აღვკვეთოთ კოვიდის გავრცელება საქართველოში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, აპლიკაციის წარმატებული გამოყენების მაგალითი უჩვენა სამხრეთმა კორეამ. ის ადამიანებს საშუალებას აძლევდა, თავი აერიდებინათ არასასურველი კონტაქტებისგან, თუ მათ აპლიკაცია საეჭვო კონტაქტთან სიახლოვეს უჩვენებდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს საქართველოში იმ მობილური აპლიკაციის დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს შესაძლო ინფიცირებულ პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.

3 აპრილის 15:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 148 შემთხვევა. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

ეკატერინე ტიკარაძე: პირველადი ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია

პირველადი ჯანდაცვის სისტემა იმყოფება მზადყოფნაში, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი სიტყვებით 112-ის ხაზი, რომელიც დაკავშირებულია პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს.

„თბილისში ის უკვე წარმატებით ფუნქციონირებს, შეიძლება ითქვას, რომ 2 დღეში უკვე შეიძლება ზარების სრულად განხორციელება ყველანაირი შეფერხების გარეშე. ექიმები ორ თვეზე მეტია გადიან შესაბამის ტრენინგს, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მზაობა არის სრულყოფილი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, გარკვეული გადაცდომების თავიდან არიდების მიზნით, განხორციელდება მონიტორინგი.

3 აპრილის 14:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 148 შემთხვევა. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG