Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი ქურთები და მათი მოკავშირეები თურქეთის საზღვრისპირა არეალს დატოვებენ


„სირიის დემოკრატიულ ძალებად“ წოდებულმა ქურთთა შეიარაღებულმა რაზმებმა და მათმა მოკავშირეებმა, რომლებიც სირიის ჩრდილოეთს აკონტროლებენ, კვირას გამოაცხადეს, რომ თანახმა არიან, გაიყვანონ ჯარები თურქეთის მოსაზღვრე არეალიდან, რითაც შეასრულებენ რუსეთსა და თურქეთს შორის, სოჭში, 22 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების პირობას.

„სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის მხარესთან ხანგრძლივი დისკუსია. ქურთთა ძალები, მათი განცხადების თანახმად, განთავსდებიან სირიის ტერიტორიის სიღრმეში და მათ შეცვლიან სირიის ცენტრალური ხელისუფლების მესაზღვრეები. განცხადებაში ასევე მოუწოდებენ რუსეთს, ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ დიალოგს ქურთთა ავტონომიასა და დამასკს - ბაშარ ალ ასადის მთავრობას შორის. სირიის მთავრობა ქურთთა ავტონომიას არ აღიარებს. ქურთებს სირიისგან გამოყოფა არ სურთ, თუმცა არ ემორჩილებიან ცენტრალურ მთავრობას. 9 ოქტომბერს თურქეთის ჯარის იერიშმა ისინი აიძულა, შეთანხმებას მიაღწიონ სირიის მთავრობასთან.

სოჭში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სირიისა და თურქეთის საზღვრის 30-კილომეტრიან ზონას გააკონტროლებენ თურქი სამხედროები და რუსეთის სამხედრო პოლიცია სირიის სამხედროებთან ერთად. ქურთთა ძალებმა უნდა დატოვონ არეალი 150 საათის განმავლობაში. სირიაში დამატებით გააგზავნეს 300 რუსი სამხედრო პოლიციელი.

თურქეთმა სირიელი ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო იმ მიზეზით, რომ ისინი მის უსაფრთხოებას ემუქრებიან. აშშ-მა შეტევა დაგმო, თუმცა, გაიყვანა რა თავისი ჯარი სირიის ჩრდილოეთიდან, ძალის გამოყენებით მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG