Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში დაიხურა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების საკომიტეტო განხილვა


ჩორჩანა-წნელისის მიდამოები. 2019 წლის აგვისტო
ჩორჩანა-წნელისის მიდამოები. 2019 წლის აგვისტო

საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით, დახურული ფორმატით განიხილავენ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის და თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციით დაიხურა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია და რეკომენდაციაა, რომ სხდომა დახურული ფორმატით გაიმართოს, რადგან წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

სხდომაზე განსახილველი საკითხია „ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება“.

საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით ვითარება აგვისტოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ, ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო გახსნა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბრიდან, ახალგორთან დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე.წ. საზღვარი, 19 ოქტომბერს კი, სოფელ ატოცთან ე.წ. სასაზღვრო ღობეები დადგა.

24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეები ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG