Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალაია გათავისუფლების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას არ აპირებს


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუბრუნდება. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მსჯავრდებული ბაჩო ახალაია ამბობს, რომ დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად და ამომრჩევლად.

„პარტიის წევრი ფორმალურად არც დღეს ვარ და არც ხვალ ვაპირებ გაწევრიანებას. მის მხარდამჭერად და ამომრჩევლად კი, მომავალშიც ისევე დავრჩები, როგორც დღეს ვარ“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ. იგი ფიქრობს, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ალბათ, მხოლოდ დისკომფორტის მოტანა შეუძლია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის.

„არანაირ პარტიულ პოზიციაზე, ბუნებრივია, არანაირი პრეტენზია არ მექნება. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სრულად საპირისპირო მისწრაფებების ქონის შემთხვევაში რაიმე დაუსაბუთებელი პარტიული ამბიციები რომ გამჩენოდა, ვფიქრობ, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვდებოდნენ ასეთ მისწრაფებებს ენთუზიაზმით, რაც სრულიად პრაგმატული და გონივრული იქნებოდა.

გარდა ამისა, ისედაც ხომ არსებობს ძალიან ანგარიშგასაწევი სხვა გარემოებაც. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ჩემზე ბევრად უფრო საინტერესო, უფრო ენერგიული და უფრო მიმზიდველი პოლიტიკოსები ჰყავს, მათ შორის, როგორც ძველი, ისე ახალი თაობიდან.

რაც შემეხება მე, ამ თვალსაზრისით ნამდვილად შევდივარ იმ პირთა წრეში, რომლებსაც დღევანდელი რეალობით, ალბათ, მხოლოდ დისკომფორტის მოტანა შეუძლია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის. მერწმუნეთ, ასეთი სურათი ტრაგიკომიკური იქნებოდა, რაც თავისთავად დაძაბულობას შეიტანდა ოპოზიციაში, ხელისუფლებას კი ნამდვილად სიამოვნებას მიანიჭებდა“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG