Accessibility links

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი პირველი მოსმენით განიხილება


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. კომიტეტის სხდომაზე წარდგენილია როგორც 93 დეპუტატის მიერ მომზადებული, ისე საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 93 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, მთლიანობაში არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც პოლიტიკური კონსენსუსია:

„ჩვენ, პოლიტიკურმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით 2020 წლის არჩევნებისთვის და, შესაბამისად, დღეს ეს საკითხი განიხილება. ამ საკითხის მხარდასაჭერად აუცილებელია საპარლამენტო ოპოზიციის მობილიზება, ვინაიდან ამ საკითხს სჭირდება მაღალი მხარდაჭერა იმისთვის, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მაღალი მხარდაჭერა ექნება მთლიანობაში ამ პროექტს“, - აღნიშნა მედიასთან კომენტარში ანრი ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ცვლილება 2024 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და საარჩევნო ბლოკების შექმნა აიკრძალოს.

20 ოპოზიციური პარტიის მიერ 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 3%-იანი ბარიერით და არ უნდა აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს, ამიტომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვის სხდომაზე დაადასტურეს, რომ იმის მიუხედავად, გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი მათ შენიშვნებს, ისინი მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს მაინც დაუჭერენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG