Accessibility links

„როდესაც ხმაური ატყდა, წამება მაინც შეწყვიტეს“ - ინტერვიუ რუსეთში „ქსლის“ საქმეზე ბრალდებულის მამასთან


ნიკოლაი ბოიარშინოვი, იული ბოიარშინოვის მამა.

იული ბოიარშინოვი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც „ქსლის“ საქმესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში ასამართლებენ. გამოძიების ვერსიით პეტერბურგსა და პენზაში ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს ასამართლებენ, რომლებიც რუსეთში ძალაუფლების შეიარაღებულ დამხობას გეგმავდნენ. ბრალდებულები თავს ანარქისტებად და ანტიფაშისტებად მიიჩნევენ, მაგრამ ამტკიცებენ, რომ დანაშაულებრივი არაფერი ჩაუდენიათ. იმას კი, რასაც გამოძიება კონსპირაციად და სამხედრო მომზადებად მოიხსენიებს, ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში უბრალო ურთიერთობას და სპორტულ ვარჯიშებს უწოდებენ.

„ქსლის“ საქმე იმითაცაა ცნობილი, რომ ოთხმა ბრალდებულმა: ვიქტორ ფილინკოვმა, დიმიტრი პჩელინცევმა, ილია შაკურსკიმ და არმან აგინბაევმა წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადეს. მათი თქმით, აღიარებით ჩვენებას ხელი ელექტროშოკით წამების შემდეგ მოაწერეს. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის იული ბოიარშინოვი კი ყვება, რომ მათ წინასწარი დაკავების იზოლატორში თვეების განმავლობაში სცემდნენ და ამცირებდნენ.

ნიკოლაი ბოიარშინოვი, იულის მამა, პეტერბურგელი მხატვარია. ის შვილის განთავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. ხელში პლაკატი ეჭირა: „ჩვენ ფაშიზმი დავამარცხეთ თუ ფაშიზმი შეგვეყარა?“. „ნასტოიაშჩეე ვრემიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან შვილის დაკავების დეტალებზე ილაპარაკა:

ვარჯიშის და სტრაიკბოლის შესახებ

სხვა ბავშვების მსგავსად, სპორტით იყო დაკავებული. ცხოვრების ჯანსაღი წესი მოსწონდა. გამოძიება მას ედავება, რომ სპორტულ კლუბში დადიოდა. ეს სამხედრო-სპორტული კლუბი იყო „დოსააფის“ ბაზაზე - სრულიად ლეგალური ადგილი, სადაც ახალგაზრდები მიდიან, დოკუმენტებს ტოვებენ... ამ კურსს ოფიციალურად, პასპორტის მიხედვით გადიან. დღესაც არსებობს ეს კლუბი, მასთან პრეტენზია არა აქვთ.

პენზელ ბავშვებს კი სტრაიკბოლი უყვარდათ. იულიკი მაგაში განსაკუთრებულად ჩართული არ ყოფილა.

ახლა შეიძლება დაგვავიწყდა კიდეც, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ვითარება დაძაბული იყო. უკრაინაში ცვლილებები მიდიოდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენთანაც შეიძლებოდა არეულობა მომხდარიყო. ამ ბავშვებს კი არ უნდოდათ უბრალოდ არეულობის მსხვერპლები ყოფილიყვნენ. უნდოდათ, თავი დაეცვათ. მით უმეტეს, რომ იულიკი ანტიფაშისტი იყო და ერთ დროს რეალური საფრთხე არსებობდა: ნაციონალისტები ანტიფაშისტებს უბრალოდ ხოცავდნენ. თავს კი არ ესხმოდნენ, პირდაპირ კლავდნენ. ამიტომ ის რომ თავის დაცვას სწავლობდა არც გასაკვირი იყო და არც, მით უფრო, კრიმინალური.

ზოგჯერ, ვარჯიშის შემდეგ, ლაშქრობაში მიდიოდნენ. ბუნებაში კონცერტებს აწყობდნენ. ეს რამე იატაკქვეშა ღონისძიებები კი არ იყო - განცხადებებს აკრავდნენ ამასთან დაკავშირებით. დამსწრეების უმეტესობა იქ ერთმანეთს არც იცნობდა.

„დოსააფში“ რამდენიმე კურსი იყო, სადაც დაახლოებით იმავეს ასწავლიდნენ, რასაც დაწყებით სამხედრო კათედრაზე - ავტომატის დაშლას და აწყობას და, თუ არ ვცდები, თეორიულად განნაღმვის შესაღებ ლაპარაკობდნენ. ყვებიან - ასეთი ნაღმი არსებობს, ისეთი ნაღმი არსებობს და უხარისხო ქსეროქსზე გადაღებულ ფოტოებს აჩვენებდნენ.

საბოლოოდ, ბრალად დასდეს, რომ სამხედრო გადატრიალებისთვის უნარ-ჩვევები შეიძინეს.

ვიქტორ ფილინკოვი და იული ბოიარშინოვი სასამართლოზე
ვიქტორ ფილინკოვი და იული ბოიარშინოვი სასამართლოზე

ბრალდების მტკიცებულებების შესახებ

ეს თავიან ბოლომდე სრული აბსურდი იყო. პროკურორი აღწერდა, რა პლაკატები ჰქონდა გაკრული სახლში ვიტია ფილინკოვის მეგობარ გოგონას მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო. ამდენი სქელი ტომი აქვთ და იქ ოდნავ უკანონოც კი არაფერია. თავიდან ეჭვები არსებობდა, რომ, ალბათ რაღაცას არ გვეუბნებიან, გამოძიების საიდუმლოა იქნებ. სასამართლოზე კი ცხადი გახდა რომ გითაც გვაშინებდნენ, არაფერი ჰქონდათ.

გვაშინებდნენ რაღაც მანიფესტით, რომელიც თითქოს „ქსლის ორგანიზაციას“ ჰქონდა. თუმცა, ჩემმა შვილმა ის მხოლოდ გამოძიების დროს ნახა. მან თქვა: არა, ამას მე არ ვეთანხმები, ეს ტერორიზმია. მანამდე ორი გვერდი ჰქონდა წაკითხული, არც მიუქცევია დიდი ყურადღება, არ განიხილავდნენ მაინცდამაინც. გამოძიებაზე კი უცებ წარადგინეს დოკუმენტი, სადაც მართლაც უამრავი საშინელი რამე წერია. არ ვიცი, ჩემთვის ცხადია, თუ სად შეიქმნა ეს ყველაფერი.

თავიდან ვფიქრობდით, რომ პენზაში რაღაც იყო - იარაღი, კიდევ რაღაცეები. მერე კი აღმოჩნდა, რომ ამ იარაღზე თითის ანაბეჭდები არ არის. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ არც ბიოლოგიური მასალაა ზედ. თითის ანაბეჭდს კიდევ წაშლი, მაგრამ ამას - ვერა.

თუმცა, ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა, როდესაც მოვისმინე, რომ ილია შაკურსკის ტახტის ქვეშ პისტოლეტი უპოვეს. აი, მართლა - პისტოლეტი მაქვს, სახლში მივედი და ტახტის ქვეშ შევაგდე, არა? ძალიან მოხერხებული ადგილია.

ზოგიერთი ბრალდება შემდეგ უკან წაიღეს. მაგალითად, თითქოს „ანარქისტული სახელმწიფოს მოწყობას“ გეგმავდნენ. აი, მათი დონე. „ვიკიპედიაში“ მაინც ჩაეხედათ, საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ანარქისტული სახელმწიფოს შექმნა? ეგეთი რამე პრინციპულად ვერ იარსებეს. მაგრამ, მსგავსი ბრალდება მაინც იყო. თუმცა კი შემდეგ უკან წაიღეს.

ჩვენებებს ხელი მოაწერინეს, წამებით. თითქოს მავზოლეუმი უნდა აეფეთქებინათ და მსგავსი ბოდვა. ამ ბრალდებებს კი არაფერი ამყარებს, გარდა „გადარჩენის უნარ-ჩვევების უკანონო დაუფლებისა“, რაც, საერთოდ არაა უკანონო.

იული ბოიარშინოვი
იული ბოიარშინოვი

წამების შესახებ

ჯერ კიდევ დაკავებისას, როდესაც გასაჩხრეკად წაიყვანეს, შვილმა მითხრა, მირტყამდნენო. თავიდან ვერ მივხვდი რა მითხრა, ვერ მივხვდი რატომ... მერე კი უფრო და უფრო მეტი გავიგე.

ჯერ კიდევ დაკავებისას ორი დღე საჭმელი და წყალი არ მიუციათ. სულ სცემდნენ. ცდილობდნენ ჩვენებებისთვის ხელი მოეწერა, თანამოაზრეების ან სულაც მეგობრების გვარები დაესახელებინა.

შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ვნახეთ, რომ თავზე უზარმაზარი ჰემატომა ჰქონდა. ვითარების გარკვევა ვცადეთ, იზოლატორის უფროსმა კი გვითხრა: „რა გინდა, დამნაშავეები არიან, ალბათ იჩხუბეს, ჩვეულებრივი ამბავიაო“. მაშინ ვიფიქრე, შეიძლება მოკლან და მაინც ეგრე იტყვიან: „დამნაშავეები არიან, რა გინდა ქნაო“.

ჩასვეს კამერაში, სადაც 150-მდე ადამიანი იყო - არადა ის 107-110 ადამიანზეა გათვლილი. როგორც შემდეგ შვილმა მითხრა, იქაური კონტინგენტის ძირითად ნაწილს ციხის აქტივისტები წარმოადგენდნენ, რომლებიც თავს „კრემლს“ უწოდებენ. ისინი სხვებს ცემენ და ფულს ან ჩვენებებს ითხოვენ. ცემა თითქმის ყოველდღიური ამბავი იყო. თუ შენ არ გირტყამენ, მაშინ სხვებს ცემენ და ესეც ფსიქოლოგიურად რთულია.

პროცესის შესახებ

სასამართლოს ბოლო სიახლეები იცით? მაგალითად ის, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ლეპტოპში აღმოაჩინეს ფაილები, რომლებიც დათარიღებულია იმ დროით, როდესაც ბრალდებულები უკვე დაკავებულები იყვნენ. ფაილის ავტორის გვარი კი გამომძიებლის გვარს ემთხვევა.

აი, კაპუსტინის საქმეც, რომელმაც განაცხადა, რომ ელექტროშოკით აწამებდნენ. ყოჩაღი ბიჭია. წავიდა, სამედიცინო ექსპერტიზა გაიარა, ყველაფერს ფოტო გადაუღო, ყველაფერი გააკეთა და ფინეთში გაქცევა მოახერხა. ის რომ არ ყოფილიყო, წამების ასპროცენტიანი მტკიცებულება არ გვექნებოდა. ერთადერთია, ვინც ყველაფრის დაფიქსირება მოახერხა. მანამდე დამაჯერებლობაზე არც კი ფიქრობდნენ. ამბობდნენ, რწყილებმა დაკბინესო. არც წამებას ხედავენ, არც სამხილების გაყალბებას - არაფერს.

სასამართლოზე, თავად მოსამართლეებიც კი ვერ უძლებენ ხოლმე, იმდენად დიდი აბსურდი ხდება. მაშინ ხვდები, რომ ეს მოსამართლე, რომელიც თავადაც ვერ უძლებს აბსურდულ ბრალდებებს, შემდეგ თავადვე მოაწერს განაჩენს, როდესაც ეს მთელი სასამართლოს რიტუალი ჩატარდება.

რა თქმა უნდა, ხელებს ვერ ჩამოვუშვებთ. ყველაზე ცუდი იქნება, თუ ამ საქმის შესახებ დაივიწყებენ, რადგან სხვა ბევრი საქმეც გამოჩნდა. ძლიერი სვლაა - აპატიმრებენ და აპატიმრებენ, ხსნიან ახალ-ახალ საქმეებს, რათა ძველი მიავიწყდეთ. ყველაფერს ყურადღებას ხომ ერ მიაქცევ.

ახლა ხალხმა გამოცდილება შეიძინა: თუ ვინმეს დაიჭერენ, მაშინვე გამოთრევას ცდილობენ. ჩვენ კი თავიდან ადვოკატები გვეუბნებოდნენ: „ჯერ ხმაური არ ავტეხოთ, იქნებ რაღაცნაირად ნორმალიზება მოვახდინოთ, რამე გავაკეთოთო“. ბავშვებს კი ამასობაში აწამებენ. რა რამის გაკეთებაზეა ლაპარაკი? ხმაური რომ ატყდა, წამება მაინც შეწყვიტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG