Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოს იურისტი: მეუფე იაკობის დემონიზება და მტრად გამოცხადება არასწორია


„მეუფე იაკობს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, როგორც საქართველოს საპატრიარქოსთვის, ასევე ამ ხელისუფლებისთვის, ამიტომ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მისი დემონიზება და მტრად გამოცხადება იქნება არასწორი და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება და ვფიქრობ, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან და ვის უნდა და ვის არ უნდა, ეს არ ვიცი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვეა.

საპატრიარქომ გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებაც, მეუფე იაკობის პირადი თხოვნის საფუძველზე, პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან გათავისუფლების შესახებ.

გადადგომას წინ უსწრებდა ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადება. 26 ოქტომბერს ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე იაკობს განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება ჰქონდა დღევანდელ ხელისუფლებასთან. ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა პროცესი გარკვეული ძალების პროვოცირებული იყოს, ვინაიდან მეუფე იაკობის განცხადება მისთვისაც „შოკისმომგვრელი იყო“.

კითხვაზე, ამ განცხადებების ფონზე, საჭიროა თუ არა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება საპატრიარქოში, ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ ეს სახელმწიფო უწყებების საქმეა.

„სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ როგორც უწმინდესის, ასევე საპატრიარქოს დაცვას, ამიტომ მე ამაზე ვერ ვაგებ პასუხს“, - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.

მას მიაჩნია, რომ საკითხების მოკვლევა, რომელიც დღის წესრიგში დადგა ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის განცხადების შედეგად, უნდა დაიწყოს კანონიკური სამართლის მიხედვით საპატრიარქოს შიგნით და, ასევე, ამის თაობაზე უნდა იმსჯელონ შესაბამისმა სტრუქტურებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG