Accessibility links

საკონსტიტუციო ცვლილებები: იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უმრავლესობის პროექტს


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას შეეხება.

საქართველოს პარლამენტის 93 წევრის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს არჩევნების ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციული სისტემით გამართვას 2020 წლიდან. მანდატი ერგება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხმების საკმარის რაოდენობას მიიღებს. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. გაუნაწილებელი მანდატები თანმიმდევრულად გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი არჩევნებში ბლოკების მონაწილეობას არ ითვალისწინებს. მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის უთანხმოებას სწორედ ბლოკების აკრძალვა და ნულოვანი ბარიერი იწვევს, თუმცა, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

დღესვე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს საარჩევნო სისტემის პროპორციულ მოდელზე გადასვლის მეორე კანონპროექტი, რომელიც 20-მდე პარტიისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის მიერაა მომზადებული. ეს პროექტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 3-პროცენტიანი ბარიერისა და ბლოკების დაშვების პირობებში ითვალისწინებს. იურიდიული კომიტეტის უმრავლესობამ ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებულ პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის 2024 წლის ნაცვლად, 2020 წლისთვის გაუქმებას 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად დათანხმდა. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს, ამიტომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG