Accessibility links

1 ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისათვის ჯარიმის ჩამოწერაზე კომიტეტმა იმსჯელა


საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 1 ოქტომბერს დაჯარიმებული მძღოლებისათვის ჯარიმის ჩამოწერის გადაწყვეტილებას. კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და შეეხება იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც სპეციალური რეგულაციების დარღვევით გადაადგილების გამო დააჯარიმეს.

ასეთია 707 მძღოლი, ჯარიმის საერთო მოცულობა კი 89 900 ლარს შეადგენს. ერთჯერადი საკანონმდებლო აქტი, სავარაუდოდ, ნოემბერში განხორციელდება. როგორც საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, ეს არის ჰუმანური აქტი:

„აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 700 ადამიანი გაურკვევლობაში იყო. მათ ნებართვაში პირველ ოქტომბრამდე ეწერათ და პირველი ოქტომბერი იმ თარიღად მიიჩნიეს, როდესაც არ დაჯარიმდებოდნენ და სანქციები, მათ შორის ფერთან დაკავშირებით, 2 ოქტომბრიდან ამოქმედდებოდა. ამიტომ ეს ერთგვარი ჰუმანური აქტია, რომ გაურკვევლობაში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ამის მოლოდინი არ ჰქონდათ, იმის შესაძლებლობა მივცეთ, რომ ჯარიმისგან გათავისუფლდნენ.

ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ინიციატივა გარკვეულწილად პოზიტიური დამატებითი ფაქტორი იქნება ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით. რაც, თავის მხრივ, ძალიან კარგია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

1 ოქტომბრიდან თბილისში ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტაქსების დაყოფას A და B კატეგორიებად.

A კატეგორიის ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ამ კატეგორიის ტაქსებს მგზავრების აყვანის უფლება ქუჩიდანაც აქვთ. A-სგან განსხვავებით, B კატეგორიის ტაქსები გამოძახებით მუშაობენ

თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ უწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე 200 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG