Accessibility links

„მერიდიან კაპიტალი“ ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორად მონაწილეობაზე უარს ამბობს


ყაზახურ-ჰონგ-კონგურ კომპანია „მერიდიან კაპიტალს“ ამ ეტაპზე არ აქვს ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა და საქართველოს მთავრობისგან მოწონების თაობაზე მიმდინარე ყველა პროცედურის შეჩერება ითხოვა. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტრო ითვალისწინებს „მერიდიან კაპიტალის“ თხოვნას და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც ხელი შეუწყოს სათანადო გამოცდილების, ფინანსური და საქმიანი რეპუტაციის მქონე ყველა ინვესტორს მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში.

ამავე განცხადებით, ამერიკული კომპანია „კონტი ინტერნეშენალის“ მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კომპანია „მერიდიან კაპიტალი“ საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარუდგინა.

„კონტის“ ჩამნაცვლებელი ახალი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა საინვესტიციო ხელშეკრულებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 29 ოქტომბრით. წერილობითი შეტყობინება „მერიდიან კაპიტალმა“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე, 28 ოქტომბერს წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG