Accessibility links

ირაკლი კობახიძე მეუფე იაკობის განცხადებაზე: არ ვიცი, გამოძიება არის თუ არა რელევანტური მექანიზმი


„სამი პოლიტიკოსი იყო ნახსენები, სამივეს დამოკიდებულება ეკლესიის და პატრიარქის მიმართ [ცნობილია] და, შესაბამისად, ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ბრალდება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, - უპასუხა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიება.

„მე არ ვიცი, გამოძიება არის თუ არა რელევანტური მექანიზმი ამ შემთხვევაში, ყველასთვის ცნობილი სიმართლისთვის სინათლის მოფენის საუკეთესო საშუალება, არ ვიცი, თუ შეიძლება სამართლებრივად ეს ინსტრუმენტიც იყოს გამოყენებული, რატომაც არა. ამ კითხვაზე პასუხი მე ამ ეტაპზე არ მაქვს. შესაბამისი ორგანოები გასცემენ პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარიამ სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.

განცხადების შემდეგ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა.

მეუფე იაკობის განცხადებაზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG