Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან კობერიძე: ანაკლიის პორტის პროექტი არ არის არც ივანიშვილის და არც ხაზარაძის კუთვნილება


პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე
პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე

საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს, ლევან ახვლედიანს უსმენენ. ის პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და კობა ნარჩემაშვილმა მიიწვიეს ანაკლიის პორტის პროექტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო.

პარლამენტის წევრებმა ამ შეხვედრაზე მიიწვიეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილიც, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.

დეპუტატ ლევან კობერიძის ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილისგან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ სამინისტროს არ აქვს კონსორციუმთან კომუნიკაციის პრობლემა და შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატით განაგრძობენ, თუმცა, კობერიძის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია არა მხარეებს შორის კომუნიკაცია, არამედ მათ მიერ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

„ამიტომ გაგვიკვირდა, როდესაც ქალბატონმა მაიამ უარი განაცხადა მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის გაშვებული შანსი სამინისტროს მხრიდან საზოგადეობას უფრო ღიად მიეღო ბევრ კითხვაზე პასუხი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია საჯაროდ მსჯელობა, კითხვების დასმა და პასუხების მიღება ანაკლიის პროექტზე, რომელიც „არ არის კუთვნილება არც ივანიშვილის, არც ხაზარაძის, არც მთავრობის, არც კონსორციუმის, არც სხვა ნებისმიერი პირის. ეს არის ქვეყნის კუთვნილება, მოსახლეობის და მომავლის კუთვნილება“.

15 ოქტომბერს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ თუ დღის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შუალედურ ვალდებულებებს, მთავრობას ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება.

თავის მხრივ, კონსორციუმმა უარი თქვა სამინისტროსთვის დოკუმენტების წარდგენაზე და მთავრობა მხარდაჭერის ნაცვლად საბოტაჟში დაადანაშაულა.

16 ოქტომბერს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვადა წლის ბოლომდე გაუგრძელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG