Accessibility links

დავით ზალკალიანი: მოუთმენლად ველოდებით აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლას


საგარეო საქმეთა მინისტრო დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს იმედი აქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩის დასამტკიცებლად დარჩენილი პროცედურები სწრაფად დასრულდება და კელი დეგნანს ექნება შესაძლებლობა, საქართველოში საქმიანობას დაუყოვნებლივ შეუდგეს.

29 ოქტომბერს კელი დეგნანს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში მოუსმინეს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ელჩობის კანდიდატმა აქცენტები გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ სიტუაციასა და აშშ-ის მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების მიმართ.

„მნიშვნელოვანია, რომ ელჩი, რომელიც ამ განწყობით მოდის და მას აქვს ეს სურვილები, ეს ყველფერი ითარგმნოს ასევე, პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ეს ასეც იქნება, რადგან საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის ყველაზე მაღალი ბოლო წლების განმავლობაში“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა დღეს, 30 ოქტომბერს, თბილისში, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მიმდინარეობისას.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის მაღალი დონის ურთიერთობა ასახულია შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებში. ზალკალიანის განცხადებით, ამ დოკუმენტებს შორისაა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ათი წლის თავზე მიღებული დეკლარაცია, რომელიც ასახავს ყველა ძირითად მიმართულებას - თავდაცვას, უსაფრთხოებას და ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის კანდიდატურა სექტემბერში წარადგინა.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, დეგნანის კანდიდატურას კენჭი სენატმა უნდა უყაროს.

აშშ-ს წელიწადზე მეტია საქართველოში ელჩი არ ჰყავს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ელჩად დანიშნულ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა. აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG