Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოდის მკაფიო მანდატით


საპარლამენტო პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე
საპარლამენტო პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მომავალმა ელჩმა კელი დეგნანმა პირველივე გამოსვლაში სამ მთავარ პრიორიტეტს შორის დაასახელა თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

„ელჩობის კანდიდატმა დასვა აბსოლუტურად სწორი სამი აქცენტი. ეს არის ის პრიორიტეტები, რომელიც ამერიკას ექნება საქართველოში: უსაფრთხოების დაცვა და რუსული აგრესიის შეკავება, ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა და ქვეყნის შიდა დემოკრატიის მხარდაჭერა, მათ შორის, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, აშშ-ის ახალი ელჩი ჩამოდის მკაფიო მანდატით: „სენატის მანდატი გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩარევა ამ პროცესში შეიძლება აღმოჩნდეს მართლაც გარდამტეხი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს 2020 წლის არჩევნების გაყალბება. ეს, პროპორციულ სისტემასთან ერთად, იქნება გადამწყვეტი ფაქტორი საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად“.

29 ოქტომბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, მზად არის, საქართველოში ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან, რათა მომავალ წელს უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG