Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროდოანი: 1 ნოემბრიდან სირიაში დაიწყება თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი პატრულირება


რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოაცხადა, რომ 1 ნოემბრიდან დაიწყება თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი პატრულირება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, მას მერე, რაც სირიელი ქურთი მებრძოლების შენაერთებმა დატოვეს თურქეთ-სირიის სასაზღვრო ზონა, რაც ანკარასა და მოსკოვს შორის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. ერდოანის თქმით, ერთობლივი პატრული იმოქმედებს სირიის ტერიტორიაზე, საზღვრის გასწვრივ მდებარე 7 კილომეტრის სიგანის ზოლში.

გასულ კვირაში სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, ქურთ მებრძოლებს 29 ოქტომბრამდე უნდა დაეტოვებინათ სასაზღვრო ზონა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გათვალისწინებული იყო თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი პატრულირების დაწყება.

ერდოანის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ანკარას შეატყობინა, რომ „ტერორისტული ჯგუფის“ 34 ათასამდე წევრმა, საერთო ჯამში 3260 ერთეული მძიმე ტექნიკით, დატოვა თურქეთ-სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრზე მდებარე მონაკვეთი.

ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით, ქურთებს ბოლომდე არ შეუსრულებიათ პირობა. „მას შემდეგ, რაც ადგილზე ჩავატარებთ სამუშაოს, სათანადო სახით გავცემთ ამას პასუხს,“ თქვა მან და დასძინა, რომ „თურქეთი იტოვებს უფლებას, თვითონ ჩაატაროს საკუთარი ოპერაცია“, თუ აღმოაჩენს სირიელი ქურთების შეიარაღებულ ძალებს ან თუ მისი ჯარების წინააღმდეგ იერიში განხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG