Accessibility links

რუსეთში გაიმართა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღისადმი მიძღვნილი აქციები და მიტინგები


აქცია სანქტ-პეტერბურგში

30 ოქტომბერს რუსეთში გაიმართა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღისადმი მიძღვნილი ხსოვნის აქციები და მიტინგები. სანქტ-პეტერბურგში აქციის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს წითელი და სტალინური ტერორის წლებში დაღუპულთა მემორიალზე და დახვრეტილთა გვარები წაიკითხეს.

არხანგელსკში პიკეტი გაიმართა ეფ-ეს-ბე-ს ადგილობრივი სამმართველოს შენობასთან. აქციაზე დააკავეს პარტია „პარნასის“ რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი იური შჩერბაჩოვი.

ნოვოსიბირსკში რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგზე 40-მდე ადამიანი მივიდა. ღონისძიების მონაწილეებმა რეპრესირებულთა გვარები წაიკითხეს.

ირკუტსკის ოლქში, სოფელ პივოვარიხაში, ორასამდე ადამიანი შეიკრიბა მემორიალთან, სადაც 1937-1940 წლებში რეპრესირებულები არიან დამარხული.

ტიუმენში ჩინოვნიკებმა რამდენჯერმე თქვეს უარი რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგისთვის ნებართვის გაცემაზე. ამის გამო აქცია ჩატარდა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.

ომსკში რამდენიმე ერთკაციანი პიკეტი გაიმართა.

აქციების ჩასატარებლად თარიღი შეირჩა შიმშილობის გამო, რომელიც 1974 წლის 30 ოქტომბერს დაიწყეს მორდოვიისა და პერმის ბანაკების პატიმრებმა სსრკ-ში პოლიტიკური რეპრესიების გასაპროტესტებლად.

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი დღემდე არაა ცნობილი. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საქმე ეხება მინიმუმ 12 მილიონ ადამიანს, გულაგის ისტორიის მუზეუმის თანახმად კი - 20 მილიონს. მილიონზე მეტი ადამიანი დახვრიტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG