Accessibility links

EMC მთავრობას მოუწოდებს ახალგორში შექმნილი კრიზისის გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს


ახალგორი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“(EMC) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ახალგორის რაიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების მექანიზმი.

EMC-მ განცხადება გაავრცელა ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ფაქტის და იმ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, რომელშიც ბოლო თვეებია ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი ადამიანები.

“საოკუპაციო ხაზს მიღმა მოსახლეობის იზოლაცია და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ერთგვარ პოლიტიკურ ბერკეტად იქცა, რომელსაც დე ფაქტო რეჟიმები პერიოდულად იყენებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან გავლენების მოსაპოვებლად, ან პოლიტიკური სპეკულირებისთვის. მსგავსი შეზღუდვების გამოყენება უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივ მოსახლეობას აწვება მძიმე ტვირთად. გამშვები პუნქტების თვითნებური ჩაკეტვების პრაქტიკა არაერთ კრიტიკულ პრობლემას იწვევს, მათ შორის, ზღუდავს წვდომას საბაზისო საჭიროებებზე და სერვისებზე, როგორიც არის მედიკამენტები, საკვები რესურსები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარების სერვისები, მათ შორის პენსიები, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში შემოსვლის და არსებობის ერთადერთი წყაროა".

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის თანახმად, დროებით ღონისძიებას სასამართლო იყენებს მხოლოდ გამონაკლის და აუცილებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი და აუნაზღაურებელი ზიანის საფრთხე.

ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოჯახს სურდა, რომ მარგო მარტიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან დაკეტილ ე.წ. საზღვარზე არ გაუშვა.

ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრიდანაა დაკეტილი. ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, იძულებულნი არიან ჯერ ცხინვალიდან გამოძახებულ ავტომანქანას დაელოდონ, შემდეგ კი, საკმაოდ რთული გზით, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში იმგზავრონ ცხინვალის საავადმყოფომდე.

ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ადგილობრიც მოსახლეობას შეზღუდული აქვს თავისუფალი წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიაზე, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე.

ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი პასუხია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG