Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე გრიგოლი: სინოდის გადაწყვეტილებებზე ჩემი არყოფნა გავლენას ვერ იქონიებს


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ფიქრობს, რომ მისი არყოფნა წმინდა სინოდის სხდომაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო გადაწყვეტილებებზე. მედიასთან კომენტარში იგი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ წმინდა სინოდის სხდომას ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება:

„ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი გვყავს სტუმრად ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო წლის დასაწყისიდან, იანვრიდან. ხვალ მიემგზავრება ჩვენი სტუმარი და შეუძლებელი იყო ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, დატოვება ღონისძიების. თუმცა, ჩემი არყოფნა ვფიქრობ, მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს სინოდის გადაწყვეტილებებზე, რაც მსჯელობის საგანი იქნება და რაც მიიღება საბოლოო ჯამში“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. იგი ფიქრობს, რომ სინოდი მაქსიმალური შემადგენლობითაა შეკრებილი და იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააყენა დღის წესრიგში.

მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, მისი აზრით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი ბოდბელი მთავარეპისკოპოსის იაკობის განცხადებებზე, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ არანაირი მოლოდინი არ აქვს.

„მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ გავეცნო წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებს, იმ საკითხებზე, რომელიც გამოტანილი იქნება მსჯელობაზე“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა 12 საათზე დაიწყო. სხდომის დღის წესრიგი არ გავრცელებულა, შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებზე მსჯელობენ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები.

სინოდის სხდომის დანიშვნას წინ უძღოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის საჯარო განცხადებები, რომ მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ მთავრობის მაღალჩინოსნები გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური.

28 ოქტომბერს, როცა მეუფე იაკობი მისივე თხოვნით, პატრიარქმა ქორეპისკოპოსის მოვალეობის შესრულებისგან გაათავისუფლა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს.

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა მეუფე იაკობის ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ მსგავსი შეხვედრა არ გამართულა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წასულა.

29 ოქტომბერს, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG