Accessibility links

Human Rights Watch-ი: CIA-ის მიერ გაწვრთნილმა ავღანურმა რაზმებმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს


ავღანელი მამაკაცი მიუთითებს სურათზე, რომელზეც სპეცდანიშნულების რაზმების რეიდისას მოკლულები არიან გამოსახული.

Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მიერ გაწვრთნილმა ავღანურმა სპეცდანიშნულების რაზმებმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს - მათ შორისაა სიკვდილით დასჯა სასამართლოს გარეშე, არასანქცირებული მკვლელობები, გატაცება, ჯანდაცვის ობიექტებზე თავდასხმები.

31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში უფლებადამცველი ორგანიზაცია ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაშალოს ყველა სამთავრობო გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც მოქმედებს „ჩვეულებრივი სამხედრო იერარქიის ფარგლებს გარეთ“. მან მთავრობას ასევე მოუწოდა, „მიუკერძოებლად გამოიძიოს ავღანეთის უშიშროების ძალების მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება“ და „დასაჯოს სამხედრო დანაშაულსა და სერიოზულ კანონდარღვევებში ბრალდებულები“. ანგარიშის მიხედვით, აშშ-ისა და ავღანეთის მთავრობებმა უნდა „ითანამშრომლონ სამხედრო დანაშაულსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე ყველა ბრალდების თაობაზე“. დოკუმენტი ასევე შეიცავს აშშ-ის მთავრობის მიმართ მოწოდებას, გამოიძიოს, არის თუ არა რაიმე დარღვევაში ჩარეული „აშშ-ის პერსონალი“ და „შეწყვიტოს ავღანეთის ძალების მხარდაჭერა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სერიოზული კანონდარღვევებისთვის.

Human Rights Watch-მა აღრიცხა 14 შემთხვევა 2017 წლის ბოლოდან 2019 წლის შუამდე, რომლებშიც, მისი თქმით, CIA-ის მხარდაჭერით მოქმედმა „მოიერიშე ჯგუფებმა“ მძიმედ დაარღვიეს კანონი ღამის რეიდების დროს. უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, ზოგჯერ ეს ძალები აპატიმრებდნენ მამაკაცებს და ოჯახებს არ ატყობინებდნენ, სად ამყოფებდნენ მათ.

CIA-მ ეჭვქვეშ დააყენა ანგარიში და განაცხადა, რომ ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმების მიმართ ბრალდებები „სავარაუდოდ არ შეესაბამება სიმართლეს ან გაზვიადებულია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG