Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. პროკურატურა რადიო თავისუფლების "ეხო კავკაზას" ჟურნალისტს საიდუმლოს გამხელას ედავება


ირინა ქელეხსაევა
ირინა ქელეხსაევა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზა“-ს კორესპონდენტი ირინა ქელეხსაევა გააფრთხილა „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კანონის“ დარღვევის შესახებ.

ირინა ქელეხსაევას მიუთითეს „კანონის“ მეოთხე მუხლზე, რომლითაც დაუშვებელია სახელმწიფო, ან კანონით სპეციალურად დაცული სხვა საიდუმლოების გამხელა.

დე ფაქტო პროკურატურამ საიდუმლოების გამხელად მიიჩნია ინფორმაცია ადგილობრივი პარლამენტის დახურული სხდომის შესახებ, რომელზეც დე ფაქტო იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა წარადგინეს ანგარიში ცხინვალის იზოლატორში პატიმართა ცემის საქმეზე. ჟურნალისტს წყაროებმა უამბეს სხდომის ზოგიერთი დეტალის შესახებ.

ირინა ქელეხსაევა დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში 31 ოქტომბერს დაიბარეს სტატიისთვის: „მინისტრებმა დეპუტატების უნდობლობა განამტკიცეს“. ჟურნალისტი წერდა, რომ ოცმა დეპუტატმა მოაწერა ხელი პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვას, რომ დაიწყონ იუსტიციის მინისტრ ზალინა ლალიევასა და შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. ირინა ქელეხსაევას სტატიაში ნათქვამია, რომ დეპუტატების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ნანიევის რეპლიკამ, რომ "ისინი(დეპუტატები) ბანდიტებს იცავენ, რადგან თავადაც ბანდიტები არიან".

როცა დე ფაქტო პროკურატურაში მისული ჟურნალისტი დაინტერესდა, რა სტატუსით დაიბარეს - ბრალდებულის, თუ მოწმის, პროკურატურის თანამშრომელმა დავით გურწიევმა ურჩია, არ იღელვოს, რადგან ეს არა დაკითხვა, არამედ გამოკითხვაა. ირინა ქელეხსაევას ადვოკატი არ ჰყავდა, ამიტომ საუბრის დიქტოფონზე ჩაწერა გადაწყვიტა, რისი უფლებაც არ მისცეს და ტელეფონიც ჩამოართვეს.

ირინა ქელეხსაევას ინფორმაციით, გურწიევს ძირითადად აინტერესებდა, რატომ დაწერა სტატია და ვინ იყო მისი წყარო, რაზეც უპასუხა, რომ სტატია დაწერა იმიტომ, რომ ჟურნალისტია, ხოლო წყარო იყო წყარო და როგორც ჟურნალისტს, უფლება აქვს ის არ გაამხილოს. რაც შეეხება პრეტენზიას, რომ კანონით დაცული საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა, ირინა ქელეხსაევამ გურწიევს ჰკითხა, შეუძლია თუ არა განუსაზღვროს, რა არის კანონით დაცული საიდუმლოება. ჟურნალისტის ცნობით, ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

დავით გურწიევს საქართველოს ხელისუფლება ინტერპოლით ეძებს. გურწიევს ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროს ალიკ ტაბოევთან ერთად ბრალად ედება არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ჯგუფურად წამებისთვის დახმარების გაწევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG