Accessibility links

ოთარ კახიძე: ჰომოფობიური განწყობებით თამაში უღირსი საქციელია


პარლამენტის წევრი ოთარ კახიძე

პარლამენტის დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები უფრო შურისძიებას ჰგავს.

„ჩემთვის ის განცხადება, რომელიც გააკეთა გადაყენებულმა მღვდელმთავარმა, უფრო ფასეული იქნებოდა მხილების კუთხით, თუ ამას გააკეთებდა გადაყენებამდე“, - უთხრა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ. მისი შეფასებით, გადაყენების შემდეგ განცხადება რაღაც ტიპის შურისძიებას ჰგავს და არა მხილებას.

„გათვლაც ძალიან ცუდია. იმის გამო, რომ საზოგადოებაში არსებობს ჰომოფობიური განწყობები, ამაზე თამაში და ამ კუთხით პატრიარქის დისკრედიტაცია, ჩემი აზრით, კიდევ უფრო უღირსი საქციელია, იმიტომ რომ, პრაქტიკულად, ხდება მისი დემონიზება, საზოგადოების თვალში ნეგატიურად წარმოჩენა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

31 ოქტომბერს, სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს აუკრძალა მღვდელმოქმედება, ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან გაათავისუფლა და მოსანანიებლად მონასტერში განამწესა. სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, „მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ“, თუმცა „მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე“.

მიტროპოლიტმა პეტრემ სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა და განაცხადა: „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“.

ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, მეუფე პეტრემ უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე. სინოდის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG