Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: რა თქმა უნდა, მხარდასაჭერია ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა წყალტუბოში


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს აღორძინებასთან დაკავშირებული ინიციატივა არის საქველმოქმედო და „სრულიად გამართლებული და, რა თქმა უნდა, მხარდასაჭერი“.

საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის შეკითხვაზე, შედგა თუ არა შეთანხმება კერძო მეპატრონეებთან, მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საკითხებში სამინისტრო ჩართული არ არის:

„რაც შეეხებათ კერძო მეპატრონეებს, ჩართულები არ ვართ, მაგრამ მე განვმარტავ, გამომდინარე იმ მაგალითიდან, რაც ჩვენ გვაქვს თუნდაც აბასთუმანში. მოწოდება ინიციატორის იყო მათ შორის კერძო ბიზნესის მიმართაც, იმიტომ რომ ის ასრულებს ე.წ. ყინულმჭრელის ფუნქციას და თუკი კერძო ბიზნესი მას აჰყვება და შეუერთდება, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში, ეს იქნება სწორედ ის კომპლექსური კონცეფცია, სადაც ქველმოქმედი, სახელმწიფო და კერძო ბიზნესი თანამშრომლობს. ეს უფრო დააჩქარებს პროექტის განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისი განმარტებით, სამინისტრო იმუშავებს სასტუმროების ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის პირობებზეც:

„მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე ღირებული ამ ინიციატივაში არის ის სამომავლო ინიციატივა, რომელიც განხორციელდება. იმიტომ რომ ის ასჯერ და მეტჯერ აღემატება თუნდაც დღევანდელ ღირებულებას ამ ობიექტების“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მათი სრული რეაბილიტაცია კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში მოახდინოს.

29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მზადაა, ობიექტები სხვა ინვესტორებზე გაასხვისოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG