Accessibility links

ბრიტანეთში ბრექსიტის პარტიის ლიდერმა პრემიერს წინასაარჩევნო ალიანსი შესთავაზა და პირობა წაუყენა


ნაიჯელ ფარაჯმა, ბრიტანეთის ბრექსიტის პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს წინასაარჩევნო ალიანსი შესთავაზა იმ პირობით, თუ იგი უარს იტყვის ბრექსიტის შეთანხმებაზე, რომელიც ევროკავშირთან დადო.

ფარაჯის სიტყვებით, ეს შეთანხმება ნამდვილი ბრექსიტი არ არის, რადგან მისი პირობები გულისხმობს ევროკავშირთან ბრიტანეთის მჭიდრო ურთიერთობას გასვლის შემდეგაც.

ბრექსიტის პარტიის ლიდერმა ფაქტობრივად გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსაზრება, რომელმაც წინა დღით, ფარაჯთან საუბრის შემდეგ, შეთანხმება გააკრიტიკა.

თუ ჯონსონი არ შეასრულებს პირობას, განაცხადა ფარაჯმა, ბრექსიტის პარტია მომავალ არჩევნებზე თავის კანდიდატურებს წარადგენს ყველა საარჩევნო უბანში და კონკურენციას გაუწევს კონსერვატიულ პარტიასაც.

ბევრი კონსერვატორი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში კონსერვატორების შანსი, იქონიონ უმრავლესობა პარლამენტში, დაეცემა ბრიტანეთის საარჩევნო სისტემის განსაკუთრებულობის გამო.

ამ ქვეყანაში დეპუტატებს ირჩევენ ერთმანდატიან ოლქებში ერთ ტურში, ანუ კანდიდატი, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, ხდება დეპუტატი. თუ ბრექსიტის მომხრეთა ხმები განაწილდება კონსერვატორებსა და ბრექსიტის პარტიას შორის, გამარჯვება შეიძლება წილად ხვდეს ლეიბორისტებს ან სხვა პარტიას.

ჯონსონს რეაქცია შეთავაზებაზე ჯერ არ გაუკეთებია. ბრიტანეთის მედია ავრცელებს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლების მოსაზრებებს, რომლებიც უარყოფენ ფარაჯის წინადადებას.

ბრიტანეთის თემთა პალატაში ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბრისთვისაა დანიშნული. არჩევნების მთავარი თემა ბრექსიტი - ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG