Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ისევ დაიტბორა ქუჩები 


შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ 112-ში ბათუმიდან 45 გამოძახება დაფიქსირდა, ძირითადად ქუჩებისა და ეზოების დატბორვის გამო. უწყების ინფორმაციითვე, ბათუმში დაიტბორა ჭავჭავაძის, ლერმონტოვის, გრიბოედოვის, ტბელ აბუსერიძის ქუჩები და აეროპორტის გზატკეცილი.

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, მახვილაურის დასახლებაში გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ამ წუთებში მიწის მასისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად 31 ოქტომბერს, ღამით, სამი მდინარე: ხახული, ფერია და მეჯინისწყალი ადიდდა და ქუჩები დატბორა.

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე 6 ადგილას ახალი მეწყრული კერები განვითარდა. მათგან ერთ ადგილას, თოდოგაურის დასახლებაში, სტიქიამ შეუქმნა საფრთხე ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლის წინ მიწა ჩავარდა და მრავალწლოვანი ხეები ჩაიტანა. ოჯახი ბათუმის მერიამ ქირით დროებით საცხოვრებელში გაიყვანა სტიქიის ადგილიდან.

ბათუმში მესამე დღეა წვიმს. სინოპტიკოსების ვარაუდით, ხვალ გამოიდარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG