Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭომ პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართა ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

სალომე ზურაბიშვილს მიმართვა 1-ელ ნოემბერს წარედგინა.

მიმართვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა მოამზადა 25 ოქტომბერს. მიმართვის თანახმად, საბჭო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, უფლებამოსილება შეუწყვიტოს საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს. მიმართვის მიზეზად დასახელებულია დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა.

25 ოქტომბერს საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის, მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

მიმართვის თანახმად, ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს - საქართველოს პრეზიდენტსაც.

25 ოქტომბერს ანა დოლიძემ პრეზიდენტისადმი მიმართვას პოლიტიკური დევნის მაგალითი უწოდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე იქნება ლაკმუსის ტექსტი.

„ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ჩემი, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი, ან რამდენად ის იქნება სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკური ხმების მხარეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს უჭერს საბჭოს 11 წევრი, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და მხარდაჭერა არ გამოთქვა ორმა არამოსამართლე წევრმა: ირმა გელაშვილმა და ნაზი ჯანეზაშვილმა.

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრად ოთხი წლის ვადითაა დანიშნული, საქართველოს წინა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ 2018 წლის 8 იანვარს გამოცემული განკარგულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG