Accessibility links

დაგროვებითი საპენსიო სისტემის სავალდებულოობაზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულთა ჩართვისა და დამსაქმებელთა შენატანის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.

GDI-ს სარჩელი ორ მუხლს ეყრდნობოდა - კონსტიტუციის მე-19 (საკუთრების უფლება) და მე-11 (თანასწორობის უფლება) მუხლებს.

GDI- ს განმარტებით, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულოდ ჩართვისა და მათ სასარგებლოდ დამსაქმებლის შენატანების დავალდებულების კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნა საკუთრების უფლებასთან მიმართებით.

თუმცა, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია და საქმე წარმოებაში არ მიიღო თანასწორობის უფლების დარღვევის მუხლით და ასევე არ დააკმაყოფილა სადავო მუხლების დროებითი შეჩერების მოთხოვნა.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო და, შესაბამისად, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით კონსტიტუციურობის შემოწმების საფუძვლები ვერ დაინახა სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ შენატანების განხორციელების მარეგულირებელი ნორმების ნაწილში.

სასამართლომ, ასევე, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. თუმცა, განჩინებას თან ერთვის მოსამართლე ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლოს საპენსიო სქემაში დამსაქმებლის მიერ შენატანის განხორციელება გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეეჩერებინა.

„სასამართლომ აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს ემსახურება. ამიტომ, სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელთა მხრიდან საპენსიო ფონდში შენატანის განხორციელებიის შეჩერება და ფონდის შენატანების შემცირება, საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას და სქემის მონაწილე დამსაქმებლებს ერთობლივად ბევრად მასშტაბურ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მისი მოქმედების შემთხვევაში მიადგება მოსარჩელის ინტერესებს“, - ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვარს მივმართეთ. სადავო ნორმები ადგენს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულოდ ჩართვის წესს, რაც თავის მხრივ დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო სქემაში კონტრიბუციის განხორციელებას ავალდებულებს.

მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებას. ასევე, კონსტიტუციურ სარჩელში თანასწორობის უფლებასთან წინააღმდეგობის არგუმენტით სადავოდ იყო გამხდარი საპენსიო სქემაში დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფოს მონაწილეობის საკითხი“, - აღნიშნულია სარჩელის ავტორთა განცხადებაში.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს ზემოთ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG