Accessibility links

logo-print logo-print

კობა გვენეტაძე: ფასების ზრდის ტემპი ლარის გაუფასურების ფონზე დაჩქარდა


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის შეფასებით, ინფლაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი, ძირითადად, ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საბაზო ინფლაცია თამბაქოს გარეშე 3.4 პროცენტია, რაც მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოსაა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეს მიუთითებს, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები ძლიერი არ არის და ამ ეტაპზე არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად, გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს.

„ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასების ზრდაზე. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მას“, - განაცხადა კონა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 4 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით, 0.8% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების 6.2%-იანი ზრდაა.

2019 წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.7%-ია, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.4%-ით განისაზღვრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG