Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ქადაგიძე: მე არ ვთვლი, რომ რომელიმე კლანის წევრი ვარ


ნინო ქადაგიძე
ნინო ქადაგიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ არ არის კლანის წევრი და არ მიიჩნევს, რომ უხერხულობას უნდა უქმნიდეს საკუთარი კანდიდატურის საზოგადოებისთვის შეთავაზების გადაწყვეტილება:

„რაც შეეხება კლანის წევრობას, მე ერთი შემიძლია გითხრათ - მე ძალიან ადრე დავიწყე ჩემი მოღვაწეობა. გარკვეული კარიერა შევქმენი, სანამ სასამართლოში მოვიდოდი და არანაკლები კარიერა. ამ წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე ვიყავი ბატონი თედო ნინიძის კლანის წევრი, ვიყავი ლადო ჭანტურიას კლანის წევრი, ჯონი ხეცურიანის კლანის წევრი.

ესენი არიან ის ადამიანები, რომელთანაც, მე მგონი, კითხვა არავის არ გაუჩნდება ამ დარბაზში მჯდომს და დარბაზს მიღმა მყოფთაც. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ რომელიმე კლანის წევრი ვარ, უფრო მეტიც, არ ვთვლი, რომ სასამართლოში შეიძლება კლანი იყოს. და ვერ იქნება სასამართლოში კლანი იმიტომ, რომ მე ვაწერ ხელს ჩემს გადაწყვეტილებაზე და მე ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ დასმული შეკითხვის პასუხად. ეკა ბესელია დაინტერესდა, პროფესიული თვალსაზრისით მას, დამოუკიდებლობისა და სანდოობის კუთხით, უქმნის თუ არა უხერხულობას ის გარემოება, რომ შედიოდა მოსამართლეობის კანდიდატთა პირველ 10-კაციან სიაში.

„განცდა ჩნდება, რომ თქვენ ძალიან დაახლოვებული ადამიანი ხართ იმ ჯგუფთან, რომელიც დღეს იუსტიციის საბჭოსაც მართავს და სასამართლო ხელისუფლების საკმაოდ დიდ ნაწილზეც გავლენა აქვს“, - უთხრა ეკა ბესელიამ ნინო ქადაგიძეს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა. დღეს, 4 ნოემბერს, კომიტეტის სხდომაზე ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

ნინო ქადაგიძე 2013 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე. იგი შედიოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ 10-კაციან სიაშიც, რომელიც 2018 წელს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა საქართველოს პარლამენტში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-დან 15 კანდიდატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG