Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს ბირთვული ხელშეკრულების ახალი დარღვევების შესახებ


ირანი აცხადებს, რომ კიდევ უფრო მეტად შეამცირა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ახლა ამ ხელშეკრულებით აკრძალული ცენტრიფუგების ორჯერ მეტ რაოდენობას ამუშავებს.

ქვეყანას ახლა აქვს ცენტრიფუგის პროტოტიპი, რომელიც მუშაობს 50-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ხელშეკრულებით იყო ნებადართული, - განაცხადა ალი აკბარ სალეჰიმ, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, 4 ნოემბერს. მისი თქმით, ეს ნაბიჯები აჩვენებს ირანის „შესაძლებლობებს და მიზანსწრაფულობას“.

ამ განცხადებების ფონია ირანში მიმდინარე ღონისძიებები, რომლითაც აღნიშნავენ 1979 წელს, თეირანში აშშ-ის საელჩოს სტუდენტების მიერ დაკავების მეორმოცე წლისთავს. ამის შემდეგ დაიწყო მძევალთა კრიზისი, რომელიც 444 დღე გაგრძელდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ შარშან გამოიყვანა 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულებიდან და ირანს აღუდგინა ეკონომიკური სანქციები, როგორც ნაწილი „მაქსიმალური ზეწოლის“ გამოცხადებული კამპანიისა.

პარალელურად, ირანმა დაიწყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თანდათანობითი შემცირება. ამ ხელშეკრულებით თავის დროზე ირანმა შეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

ირანის წარმომადგენლები ჩივიან, რომ ხელშეკრულებაში დარჩენილმა ხელმომწერმა ძალებმა ვერ გაანეიტრალეს აშშ-ის სანქციებით გამოწვეული ზიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG