Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აიისას“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქმე „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

სარჩელი შეეხება პრეზერვატივის მწარმოებელ კომპანიას, „აიისას“, რომლის მფლობელიც ორი წლის წინ საერთო სასამართლოებმა არაეთიკური რეკლამის (პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანილი წარწერებისა და გამოსახულებების) გავრცელების გამო დააჯარიმეს.

მოსარჩელე ანი გაჩეჩილაძე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“(GDI) წარმოადგენს, დავობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის.

სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო დროშის ან გერბის შებღალვისათვის.

„მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ლახავს გამოხატვისა (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი) და შემოქმედების თავისუფლებას (მე-20 მუხლი), ამავდროულად, არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი). კერძოდ, არაკონსტიტუციურია საჯარო მორალისა და სხვათა რელიგიური გრძნობების დაცვის მოტივით აღნიშნული უფლებების შეზღუდვა. ამავდროულად, სადავო ნორმები შეიცავს ბუნდოვან დებულებებს (“შებღალლა”, “ჰუმანური და ზნეობრივი ნორმების დარღვევა”), რაც განუჭვრეტელს ხდის მათი გამოყენების სფეროს. ამგვარი ნორმების სამართლებრივ სივრცეში არსებობა კი წარმოადგენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშ იარაღს. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სამომავლოდ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის განვითარებაზე“, - ნათქვამია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ გავრელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG