აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან ქვეყნის გასვლის პროცესი, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებაა.
„კლიმატის შესახებ საერთაშორისო დისკუსიებში ჩვენ გავაგრძელებთ რეალისტური და პრაგმატული მოდელის შეთავაზებას, გამყარებულს მსოფლიოში არსებული რეალური ვითარების შესახებ ანგარიშით, რომელიც ცხადყოფს, რომ ინოვაციებს და ღია ბაზრებს მივყავართ მეტ კეთილდღეობასთან, მცირდება სათბური გაზების ემისია და იზრდება უფრო უსაფრთხო ენერგეტიკა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში.
გაერომ 5 ნოემბერს ოფიციალურად მიიღო შეტყობინება პარიზის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შესახებ.
კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას ხელი 197-მა ქვეყანამ მოაწერა. დოკუმენტის მიზანია, არ დაუშვას 2100 წლამდე საშუალო ტემპერატურის 2 გრადუს ცელსიუსზე უფრო მაღალი მატება პლანეტაზე, წინაინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, რომელიც მე-19 ასწლეულში დასრულდა.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტრამპი აცხადებდა, რომ პარიზის ხელშეკრულებაში მონაწილეობა აშშ-ისათვის ეკონომიკურად წაგებიანია, რადგან ფაბრიკების დახურვასა და სამუშაო ადგილების შემცირებას იწვევს.
კლიმატის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის პროცესი ერთ წელიწადს გასტანს და დასრულდება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების მეორე დღესვე.
არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემთხვევაში, ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტს შეეძლება, შეთანხმებას 30 დღის განმავლობაში დაუბრუნდეს.
ტრამპის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ვაშინგტონის უარი პარიზის შეთანხმებაზე დარტყმას მიაყენებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო ძალისხმევას. აშშ ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გაზების ემისიის მხრივ.