Accessibility links

ახალი ამბები

ტაჯიკეთის საზღვარზე ჩვიდმეტი ადამიანი ემსხვერპლა "ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმას

ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა იერიში მიიტანეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ტაჯიკეთში და ერთი მცველი და ერთი პოლიციელი იმსხვერპლეს, - იუწყებიან ტაჯიკეთის ოფიციალური პირები.

ეროვნული უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ იერიში ავღანეთიდან გადასულმა ექსტრემისტებმა მიიტანეს დუშანბედან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე პუნქტზე, დილის 3 საათზე. საკუთრივ "ისლამურ სახელმწიფოს" იერიშის მოწყობა არ დაუდასტურებია.

საპასუხო ცეცხლის დროს მოკლეს თხუთმეტი "უცნობი და ნიღბიანი" თავდამსხმელი, კიდევ ხუთი მათგანი დააპატიმრეს, - იუწყებიან ტაჯიკეთის წარმომადგენლები.

ინციდენტი მოხდა ტაჯიკეთის კონსტიტუციის დღეს, ეროვნულ დღესასწაულზე და იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი მინისტრებთან ერთად 12 ნოემბრამდე ევროპაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი

ჯონ ბოლტონის თანახმად, სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, პრეზიდენტს უკრაინისგან სურდა ჯო ბაიდენის საქმის გამოძიებაში დახმარება

ჯონ ბოლტონი

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი , ჯონ ბოლტონი, თავის გამოუქვეყნებელ წიგნში უნდა აცხადებდეს, რომ დონალდ ტრამპს სურდა შეეჩერებინა უკრაინისათვის გათვალისწინებული სამხედრო დახმარება, თუ კიევი არ დაეხმარებოდა მისი პოლიტიკური მეტოქის, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საქმის გამოძიებაში.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, ჯონ ბოლტონი თავის წიგნში წერს, რომ მას ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა უთხრა. საუბარია უკრაინისათვის გათვალისწინებული ასეულობით მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაყინვაზე, ვიდრე კიევი არ დაიწყებდა გამოძიებას ჯო ბაიდენზე, რომელიც დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატია, და მის ვაჟზე, ჰანტერ ბაიდენზე.

დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონის სავარაუდო განცხადება 27 იანვარს ტვიტერის საშუალებით უარყო.

„მე არასოდეს მითქვამს ჯონ ბოლტონისთვის, რომ უკრაინისათვის გათვალისწინებული დახმარება უკავშირდება დემოკრატების, მათ შორის ბაიდენის მიმართ გამოძიებას.“

ჰანტერ ბაიდენი იყო კიევში განთავსებული გაზის მწარმოებელი კომპანიის, Burisma Holdings-ის, საბჭოს წევრი მაშინ, როცა მამამისი იყო ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი და თეთრი სახლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უკრაინის საკითხებში.

უკრაინელმა პროკურორებმა 2014 წელს აღძრეს კორუფციის შესახებ საქმე Burisma-ს წინააღმდეგ, რომლის მფლობელიც ყოფილი მინისტრია.


დონალდ ტრამპის ადვოკატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არასოდეს დაუკავშირებია უკრაინის დახმარება ზემოხსენებულ გამოძიებასთან.

„ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, დემოკრატმა კანონმდებლებმა კვლავ მოითხოვეს ბოლტონის დაბარება სენატში, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე დანიშნული განხილვის დროს.

პროცესი სენატში 27 იანვრის საღამოს დაიწყება.

წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებით, რომელიც სენატს გადაეგზავნა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალად ედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც უკავშირდება მის ნაბიჯებს უკრაინასთან მიმართებით. მისი ბრალდება ასევე ითვალისწინებს კონგრესისთვის ხელის შეშლას ამ ნაბიჯების გამოძიებაში.

შსს ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე: მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, გამოიკითხნენ დეპუტატები

27 იანვარს თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისი ცემის საქმეზე სამართალდამცველებმა გამოკითხეს, ჩაუტარდა ექსპერტიზა და დღეს კიდევ ერთ გამოკითხვაზეა დაბარებული. ხაბეიშვილის თქმით, სამართალდამცველებს არ გამოუკითხავთ დეპუტატები მმართველი პარტიიდან, რომლებმაც მასზე იძალადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხულები არიან დეპუტატები, რომელთა გვარები და სახელები ამ დროისთვის არ სახელდება.

27 იანვარს საკრებულოს წევრმა მმართველო პარტიიდან ავთანდილ ცინცაძემ, რომელიც ერთ-ერთი იყო საკრებულოს იმ წევრებს შორის, ვინც ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს შენობაში სცემა, თქვა, რომ ის გამოკითხვაზე 26 იანვარს იყო დაბარებული ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში. მისივე ინფორმაციით, გამოკითხაზე ინციდენტში მონაწილე სხვა დეპუტატებიც, თარაშ შურღაია და ალექსანდრე ხუჯაზეც იმყოფებოდნენ.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, გამოკითხვაზე მან გასცა პასუხები გამოძიებას, თუმცა „დიდად პასუხგასაცემი არაფერი იყო“ და თავად ცემის ფაქტზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რამაც ეს გამოიწვია. მან ჟურნალისტებს არაერთხელ მოუწოდა, დაინტერესდნენ იმით, რამ გამოიწვია ხაბეიშვილის ცემის ფაქტი.

ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და კულტურის და სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე 24 იანვარს მოხდა.

ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამი წევრი. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან მოითხოვდნენ კორექტულად ლაპარაკს და „სიტყვების შერჩევას“.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

27 იანვარს სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საკრებულოს შენობასთან ნაგვის ურნა მიიტანეს. ურნას საკრებულოს იმ დეპუტატთა ფოტოები მიაკრეს, რომლებიც, მათი თქმით,„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აქტივისტები საკრებულოდან მოძალადე დეპუტატების გარიცხვას ითხოვენ.

საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს

დაძაბულობაა საკრებულოს შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საკრებულოს შენობასთან ნაგვის ურნა მიიტანეს. ურნას საკრებულოს იმ დეპუტატთა ფოტოები მიაკრეს, რომლებიც, მათი თქმით,„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აქციის მონაწილეები საკრებულოდან ამ დეპუტატთა გარიცხვას ითხოვენ.

ისინი ცდილობდნენ, ნაგვის ურნა საკრებულოს შენობაში შეეტანაც, რასაც დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობა მოჰყვა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება შერჩევითი სამართლით ხელმძღვანელობს. მათი თქმით, ამ დრომდე არ დამდგარა იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხული არიან ინციდენტში მონაწილე პირები.

ჟორჟოლიანი: საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ისე "ოცნებას"

გია ჟორჟოლიანი

„სოციალ-დემოკრატების“ლიდერის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ქართულ ოცნებას“. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს შეცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიული რეჟიმი, მაგრამ ქვეყანა წინ ვერ წაიყვანა. ამიტომ, გია ჟორჟოლიანის თანახმად, მან თავისი მისია ამოწურა და უნდა დათმოს ხელისუფლება:

„ოცნება“ არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა წაეყვანა ქვეყანა განვითარების გზით. ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა. დღეს, ხელისუფლებიდან მოსვლიდან თითქმის 8 წლის შემდეგაც, ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტზე დგას.

მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება, სამწუხაროდ, ესაა დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი. თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. პოლიტიკური ელიტა უნდა შეიცვალოს, პარტია „ქართული ოცნება“ თავის თავს ვეღარ შეცვლის. ამის რესურსი მას არ გააჩნია“, - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანის შეფასებით, დღეს „ქართული ოცნების“ მისიაა, არ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი ახალ კონსტრუქციულ ჯანსაღ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინიციატივებს, ძალებს და ჯგუფებს, რომლთაც შეუძლიათ შეცვალონ ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში არსებული მანკიერი წესრიგი.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და ფრაქციის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობა გასული წლის თებერვალში დატოვეს.

„სოციალ-დემოკრატების“ გადაწყვეტილება უკავშირდებოდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და საგადასახადო პოლიტიკას, რაზე მომზადებული მათი ინიციატივებიც პარლამენტმა არ გაიზიარა.

„სოციალ-დემოკრატების“ წევრთა ნაწილი, მათ შორის, გია ჟორჟოლიანი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსში“ გადავიდა. შეიქმნა ახალი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ-დემოკრატები“.

საქართველოს პარლამენტის წევრი ამერიკელ კონგრესმენებს წერილს უგზავნის

პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი იზიარებს საქართველოს მთავრობისადმი რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენის და სენატორის ბოლოდროინდელი კრიტიკული წერილების იმ ნაწილს, რომელიც ეხება ხელისუფლების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობის დარღვევას და კანონის უზენაესობის გარანტიების არარსებობას.

„მაგრამ ეს საკითხები უნდა გავმიჯნოთ ამერიკული კომპანიების საქმიანობიდან გამოწვეული საკითხებისგან გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულად, რიგი წერილებისა ატარებდა იმ ხასიათს, რომ თითქოს ისინი მიმართული იყვნენ ამერიკული კომპანიების ინტერესების მხარდასაჭერად მიუხედავად იმისა, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი საქართველოში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა პარლამენტში დღეს, 27 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატის ინფორმაციით, ამერიკელ კონგრესმენებს დღეს გაუგზავნის წერილს, რომელშიც მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს: „ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ქართველ მშრომელებს. როცა კომპანია „ფრონტერას“ მხარდაჭერაზეა საუბარი, კარგად უნდა შეისწავლონ ამ კომპანიის საქმიანობა“.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებითვე, „ფრონტერამ“ 11 თვის ხელფასი არ გადაუხადა კომპანიაში დასაქმებულ 84 მოქალაქეს და როცა მათ საპროტესტო აქცია გამართეს, სამსახურიდან დაითხოვა: „აი, ასეთი კომპანიების უპირობო მხარდაჭერა პირიქით, ჩრდილს აყენებს იმ პათოსს და ხასიათს, რომელსაც ის წერილები ატარებდა და მომავალში ვთხოვ კონგრესმენებს, როდესაც დემოკრატიის სახელით გააკეთებენ ასეთ განცხადებას, აგრეთვე, მოუწოდონ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიებს, რომ პატივი სცენ საქართველოში ადამიანის უფლებებს და საქართველოს სახელმწიფოს კანონის უზენაესობას.“

ნაცვლიშვილის თქმით, საქართველო არ არის კოლონია, სადაც უცხო ქვეყნის კომპანიებმა ფული უნდა აკეთონ მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე.

საქართველოს პარლამენტის წევრი ამერიკელ კანონმდებლებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ყურადღება გაამახვილეს დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევაზე საქართველოში, მაგრამ მოითხოვს, რომ შემდეგ წერილებში დააყენონ ადამიანის უფლებების დამრღვევი ამერიკული კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხიც.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდა „ფრონტერას“ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული, დედოფლისწყაროელი ლევან გურაშვილი. მისი განცხადებით, კომპანიისგან 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ. გურაშვილის ინფორმაციით, სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლები და მათი ოჯახები გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვეღარ იხდიან გაზის და ელექტროენერგიის გადასახადს და საბანკო კრედიტებს. ლევან გურაშვილის თქმით, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 600 ლარი იყო. „ფრონტერას“ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულები ყურადღებას სახელმწიფოსგანაც მოითხოვენ.

„რაც შეეხება ამერიკელი კონგრესმენებისგან გამოგზავნილ წერილებს და იმას, რომ სახელმწიფო ხელს უშლის მუშაობაში, ამერიკაში თერთმეტი საათი რომ ამუშაოს მუშა და არ გადაუხადოს, მასეთი რამე არ ყოფილა და არც იქნება. თერთმეტი თვეა არ გადაუხდია და აქეთ რაღაცეებს იწერებიან“, - განაცხადა ლევან გურაშვილმა.

„ფრონტერას“ შესახებ საუბარი იყო კონგრესმენ მალინის წერილში, რომელიც მან პრემიერ-მინისტრ გახარიას გაუგზავნა.

ამერიკული „ფრონტერა“ საქართველოს ბაზარზეა 1997 წლიდან. მისი და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დაფუძნებული კომპანია კახეთის რეგიონში აწარმოებდა ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს.

ამჟამად მხარეებს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ამერიკული „ფრონტერასგან“ მოითხოვს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილებას და საკონტრაქტო ტერიტორიის 99%-ის დაბრუნებას. თავის მხრივ, „ფრონტერა“ მოითხოვს 3.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას.

დააკავეს 65 წლის მამაკაცი 22 წლის შშმ გოგოს გაუპატიურების ბრალდებით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 22 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაკავებული მამაკაცი გოგოს მეზობელია, დანაშაული კი რამდენიმე თვის წინ მოხდა.

პოლიციის განმარტებით, 65 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუპატიურებას.

საინფორმაციო სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავების შემდეგ დაკავებულისა და სავარაუდო დაზარალებულის ახლობლებს შორის მოხდა მცირე ინციდენტიც. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა.

გენპროკურორის კანდიდატებთან გასაუბრება ვიქტორ ახალბედაშვილით დაიწყო

ამ წუთებში საპროკურორო საბჭოში მიმდინარეობს ინდივიდუალური გასაუბრება გენერალური პროკურორობის კანდიდატთან, ვიქტორ ახალბედაშვილთან, რომელმაც საბჭოს უკვე მიმართა შესავალი სიტყვით, ამ ეტაპზე კი შეკითხვებს პასუხობს.

„ეს ძალიან პასუხისმგებლობაცაა, გამოცდილებაც და გამოწვევაც ყველა იურისტისათვის. შევეცდები გავუწიო კონკურენცია სხვა ღირსეულ კანდიდატებს. ვფიქრობ, პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი, ხოლო მისი მუშაობა გამჭვირვალე. თუმცა აბსოლუტური საჯაროობა გამოძიების პროცესს არ წაადგება, ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცემა იმ დოზით, რომ არც საქმის წარმოების პროცესი დაზარალდეს და საზოგადოებაც ინფორმირებული იყოს“, - განაცხადა ახალბედაშვილმა.

კითხვაზე, როგორ გესმით დამოუკიდებლობა - ეს ნიშნავს მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებლობას თუ საზოგადოებრივი აზრისგან დამოუკიდებლობასაცო, ახალბედაშვილმა უპასუხა, რომ „დამოუკიდებლობა ნიშნავს აბსოლუტურ დამოუკიდებლობას“ და ნებისმიერი მხრიდან ზემოქმედება არის მიუღებელი.

კითხვაზე, თუ რატომ დატოვა თავის დროზე ახალბედაშვილმა პროკურატურა, მან უპასუხა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო, თუმცა რა განწყობა იდგა ამ გადაწყვეტილების უკან, ამ საკითხზე დეტალურად საუბარი ღია ფორმატში არ ისურვა. ასევე აღნიშნა, რომ მას ყოველთვის სურდა იქ დაბრუნება და ამჯერად ამის შესაძლებლობა მიეცა.

ვიქტორ ახალბედაშვილს ასევე ჰკითხეს: თქვენი ძმა არის მოსამართლე. დავუშვათ, იხილება რეზონანსური საქმე, რომელიც პირდაპირ ურტყამს თქვენს სამსახურს, ეს საქმე ეწერება თქვენს ძმას ან მის მეგობარ მოსამართლეს. როგორ მოქცევით? გამოიყენებთ პირად კავშირებს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება თქვეთვის სასურველი იყოს? რამდენად ეცდებით, სასამართლო მოაქციოთ თქვენი გავლენის ქვეშ?

„ჩემი მორალური შეხედულებები არ მომცემს ამის უფლებას“, - უპასუხა ახალბედაშვილმა.

იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილი 1981 წელს არის დაბადებული. დამთავრებული აქვს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ამჟამად არის „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მისი კანდიდატურა წარადგინა აიპ „უფლებათა დაცვის ცენტრმა“.

აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს სულ 17 კანდიდატი წარუდგინეს, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

კორონავირუსის გამო მგზავრებს ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებშიც ამოწმებენ

ქუთაისის აეროპორტი

სიცოცხლისთვის საშიში ახალი კორონავირუსის გამო მგზავრების შემოწმება დაიწყეს ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებშიც.

მედიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრებს სიცხეს უზომავენ სპეციალური დისტანციური თერმომეტრით და აწვდიან ინფორმაციას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ. 25 იანვრიდან მგზავრებს ამოწმებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია: რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სტანდარტული რეკომენდაციებია:

• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისთვის თავის არიდება;

• ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;

• ფერმებთან და გარეულ ცხოველებთან დაუცველი კონტაქტისთვის თავის არიდება;

• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანების მიერ ხველის ეტიკეტის დაცვა;

• სამედიცინო დაწესებულებებში სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

ახალი სახეობის კორონავირუსი(2019-nCoV) 2019 წლის დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

27 იანვრის დილის მონაცემებით, ჩინეთში გარდაცვლილია 80 ადამიანი და ინფიცირებულია 2794.

ახალი ვირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლენილია ტაივანზე, ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, ნეპალში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.

აშშ-ის საელჩო: მთელი მსოფლიო შეძრა NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა

აშშ-ის საელჩო საქართველოში სამძიმარს უცხადებს ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ოჯახს.

„ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო შეძრა NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა კალიფორნიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად. კობი გვემახსოვრება თავისი დიდებული ნიჭისა და შეუდარებელი წვლილისთვის მოედანსა და მის მიღმა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიზიარებთ ამ მწუხარებას“, - წერს აშშ-ის საელჩო ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

NBA-ს ლეგენდა კობი ბრაიანტი 26 იანვარს დაიღუპა კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ლეგენდარულ კალათბურთელთან ერთად დაიღუპნენ მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი 41 წლის იყო. ის აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. Los Angeles Lakers-ის შემადგენლობაში ბრაიანტს NBA-ს ხუთი ჩემპიონატი აქვს მოგებული. 18-ჯერ იყო NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ შემადგენლობაში.

ოთარ კახიძე საპროკურორო საბჭოში მხოლოდ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას დაესწრება

ოთარ კახიძე

საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში. თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ეხება ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას. ოთარ კახიძე ამბობს, რომ აუცილებლად დაუსვამს შეკითხვებს ირაკლი შოთაძეს, „რომელსაც მოუწევს პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას“.

ეს განცხადება ოთარ კახიძემ გენერალურ პროკურატურასთან გააკეთა. მისი შეფასებით, პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, წარმოდგენა, თითქოს საპროკურორო საბჭო ირჩევს კანდიდატს.

„სინამდვილეში კანდიდატს ირჩევს თავად ბიძინა ივანიშვილი. და ეს ყველაფერი, მთელი ეს პროცედურა ვითომ კანდიდატების დასახელების და შემდგომ შერჩევის, არის ფარსი და არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან, არავითარი კავშირი არ აქვს გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევასთან. შესაბამისად მე ამ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. მას ეჭვი არ ეპარება, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძეს აბრუნებენ.

საქართველოს საპროკურორო საბჭო დღეიდან, 27 იანვრიდან იწყებს ინდივიდუალურ გასაუბრებას გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილ პირებთან. გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუკის გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

საბჭოსთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატთა წარსადგენად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 17 იანვარს დასრულდა 17 კანდიდატის წარდგენით. მათ შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო 2018 წლის მაისში გადამდგარი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა საბჭოს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 700-მდე ადამიანი დაავადდა

ჩინეთში 80-მდე გაიზარდა ახალი სახეობის კორონავირუსით(2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი, ხოლო ინფიცირებულების 2794-მდე. ეს ინფორმაცია დღეს, 27 იანვარს გამოაქვეყნა ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა. მისი ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევებმა ერთ დღეში თითქმის 700-ით მოიმატა.

27 იანვრის მდგომარეობით, პნევმონიის გამომწვევი ვირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლენილია ტაივანზე, ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, ნეპალში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დამატებით ზომებს მიმართა. აიკრძალა გარეული ცხოველებით ვაჭრობა და კარანტინი გამოცხადდა საქონლის ყველა ფერმაში. მუშაობა შეაჩერეს „დისნეილენდის“ გასართობმა პარკებმა შანხაისა და ჰონ-კონგში.

უკვე რამდენიმე დღეა კარანტინის ქვეშ იმყოფება ჰუბეის პროვინციის 18 ქალაქში მცხოვრები 56 მილიონზე მეტი ადამიანი. ახალი საშიში ვირუსი დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა სწორედ ამ პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ ახალი სახეობის ვირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაედო. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან.

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

საქართველოს საპროკურორო საბჭო დღეიდან, 27 იანვრიდან იწყებს ინდივიდუალურ გასაუბრებას გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილ პირებთან. გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუკის გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

საბჭოსთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატთა წარსადგენად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 17 იანვარს დასრულდა 17 კანდიდატის წარდგენით. მათ შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო 2018 წლის მაისში გადამდგარი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა საბჭოს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

22 იანვარს კანდიდატურა მოხსნა ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ და განაცხადა, რომ მხარს ირაკლი შოთაძეს უჭერს. შესაბამისად, საპროკურორო საბჭომ, 22 იანვარს გამართულ სხდომაზე დაადგინა პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 16 პირის ერთიანი სია.

ამასთან, საბჭომ სიაში შეყვანილ ორ პირს დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეული ვადა განუსაზღვრა.

საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საბჭო ერთი კვირის ვადაში იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

საპროკურორო საბჭოს წევრები არიან პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, ადვოკატები და პარლამენტის დეპუტატები. 15-წევრიანი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარეა პროკურორი ნანა ხუნჯუა.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

დავით ზალკალიანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით PACE-ს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს, 27 იანვარს სტრასბურგში სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) ზამთრის სესიაზე.

დავით ზალკალიანი, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, ასამბლეას წარუდგენს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს. ზალკალიანი ისაუბრებს ევროპის საბჭოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა:

ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;

სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;

დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს იმუშავებს. 28 იანვარს, ასამბლეას მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ილაპარაკებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

ზამთრის სესიაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები უნდა აირჩიოს.

სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მინისტრთა კომიტეტის და საპარლამენტო ასამბლეის დამატებითი, ერთობლივი პროცედურა, რომელიც უნდა ამოქმედდეს ევროსაბჭოს რომელიმე წევრი ქვეყნის მიერ წესდების უხეშად დარღვევის შემთხვევაში.

დღის წესრიგშია პოლონეთში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, პოლიტპატიმრების პრობლემა აზერბაიჯანში, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დარღვევა თურქეთში და მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების პრობლემები.

ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტს: მადლობა ბევრი მოგონებისთვის

კობი ბრაიანტი

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა NBA-ს ქართველმა მოთამაშემ ზაზა ფაჩულიამ.

მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა კობი ბრაიანტის ფოტო წარწერით: „ძალიან ადრე. ძალიან სამწუხაროა. ძალიან ბევრი გატეხილი გული. ძალიან ბევრი ცრემლი. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“.

NBA-ს ლეგენდა კობი ბრაიანტი 26 იანვარს დაიღუპა კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ლეგენდარულ კალათბურთელთან ერთად დაიღუპნენ მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი 41 წლის იყო. ის აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. Los Angeles Lakers-ის შემადგენლობაში ბრაიანტს NBA-ს ხუთი ჩემპიონატი აქვს მოგებული. 18-ჯერ იყო NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ შემადგენლობაში.

კობი ბრაიანტთან ერთად ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა მისი ქალიშვილიც

NBA-ის ლეგენდა, კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ სამი ადამიანი დაიღუპნენ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამხრეთ კალიფორნიაში.

ვერტმფრენი ჩამოვარდა კალაბასასში, რომელიც 48 კილომეტრითაა დაშორებული ლოს-ანჯელესის ცენტრს.

Los Angeles Lakers-ის შემადგენლობაში ბრაიანტს NBA-ის ხუთი ჩემპიონატი აქვს მოგებული. ის 18-ჯერ იყო NBA-ის "all star"-ის შემადგენლობაში. გუნდში 20-წლიანი კარიერის განმავლობაში ბრაიანტი 24-ე ნომრით თამაშობდა. აქტიური სპორტიდან ბრაიანტი 2016 წელს წავიდა. ის 41 წლის იყო.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი

კალიფორნიაში, ქალაქ კალაბასასში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი - იუწყება "ვაშინგტონ პოსტი" ორ წყაროზე დაყრდნობით.

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფმა ტვიტერით დაწერა, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კალაბასასში, რომელიც დაახლოებით 65 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ ლოს-ანჯელესისგან, თუმცა დაღუპულთა ვინაობა არ დაუსახელებია.

Los Angeles Lakers-ის შემადგენლობაში ბრაიანტს NBA-ის ხუთი ჩემპიონატი აქვს მოგებული. ის 18-ჯერ იყო NBA-ის "All-Star"-ის შემადგენლობაში. გუნდში 20-წლიანი კარიერის განმავლობაში ბრაიანტი 24-ე ნომრით თამაშობდა. ის 41 წლის იყო.

სირიის სამთავრობო ძალები უტევენ მეამბოხეთა უკანასკნელ ბასტიონს

სირიის სამთავრობო ძალებმა კონტროლი დაამყარეს რამდენიმე დასახლებაზე ჩრდილოდასავლეთის პროვინცია იდლიბში და აგრძელებენ შეტევას მეამბოხეთა უკანასკნელ ბასტიონზე - იუწყებიან სახელწიფო მედია და ომზე დამკვირვებელი ორგანიზაცია 26 იანვარს.

ბოლო ორ დღეში სამთავრობო ძალების ხელში გადავიდა იდლიბის სულ მცირე ექვსი სოფელი - აცხადებს ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია.

სამთავრობო ძალებმა, რომლებსაც რუსეთის საჰაერო ძალები ეხმარება, 26 იანვარს მიაღწიეს მაარეთ ალ-ნუმანს, რომელსაც 33 კილომეტრი აშორებს სამხრეთით ქალაქ იდლიბისგან და რომელიც მდებარეობს დამასკისა და ალეპოს დამაკავშირებელ, მნიშვნელოვან ავტომაგისტრალზე. აქტივისტების და ექიმების ცნობით, მაარეთ ალ-ნუმანი ამჟამად თითქმის ცარიელია, რადგან ბოლო კვირებში ინტენსიური დაბომბვის გამო ის მოსახლეობის უმრავლესობამ დატოვა.

საფრანგეთში დაიღუპა ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი

საფრანგეთში, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 28 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი. ფედერალ 1-ის კლუბ „გროლეს“ ქართველი ლეგიონერი დილით, წინასამატჩო მოთელვაზე მიდიოდა, როდესაც საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, როდესაც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, სპორტსმენი უკვე გარდაცვლილი იყო.

დღეს „გროლეს“ „ლავორთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ მომხდარის გამო მატჩი ჩაიშალა.

უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა დონბასში სროლას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში მომხდარ სროლას ჯარისკაცი ემსხვერპლა.

განცხადების თანახმად, ჯარისკაცი დაიღუპა 26 იანვარს, ადგილობრივი დროით 12:30 საათზე. სამინისტრო არ ასაჯაროებს ჯარისკაცის სახელს და ზუსტ ადგილს, სადაც ინციდენტი მოხდა.

სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა 26 იანვარს ოთხ ადგილას დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს ლუგანსკის რეგიონის რაიონებში, ორიხოვსა და ნოვოტოშკივსკეში, და დონეცკის რეგიონის რაიონებში, კრასნოგორივკასა და ლებედინსკიში.

უკრაინის სამთავრობო ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის კონფლიქტი 2014 წლის აპრილში დაიწყო და მას 13,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 2019 წელს და 2020 წლის იანვარში მოკლულ იქნა უკრაინის არმიის 130-მდე წევრი - აცხადებდა უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი 17 იანვარს.

პუტინი გამოდის მოწოდებით, გადაისინჯოს ოპოზიციის აქტივისტის საქმე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გენერალური პროკურორის უწყებას დაავალა გადასინჯოს კანონიერი საფუძველი განაჩენისა, რომელიც ოპოზიციის აქტივისტს გამოუტანეს არასანქცირებულ აქციებში რამდენჯერმე მონაწილეობის გამო - აცხადებს კრემლი.

აქტივისტს, კონსტანტინ კოტოვს 2019 წლის სექტემბერში ოთხი წლით მიესაჯა პატიმრობა, კამათის საგნად ქცეული კანონით, რომელიც დანაშაულად აცხადებს ერთზე მეტ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობას 180-დღიან პერიოდში.

პუტინმა კოტოვის განაჩენის გადასინჯვის ბრძანება გასცა საიმისოდ, რომ მისი კანონიერება და სისწორე დადგინდესო, ამბობს კრემლი თავის ვებსაიტზე.

კოტოვი, 34 წლის კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტი, 10 აგვისტოს დააკავეს მონაწილეობისთვის აქციაში, რომელზეც ითხოვდნენ ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი კანდიდატების შეყვანას 8 სექტემბერს ჩატარებულ მოსკოვის სათათბიროს არჩევნების კანდიდატთა სიაში.

"პატრიოტთა ალიანსი": NDI-სა და IRI-ს უნდა აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა

"პატრიოტთა ალიანსის" აქცია აშშ-ის საელჩოსთან

NDI-ისა და IRI-ის წინააღმდეგ მოწოდებებით „პატრიოტთა ალიანსმა“ საპროტესტო აქცია გამართა თბილისში, ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოსთან. პარტია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებს სრულ უნდობლობას უცხადებს, სამართალდამცველებს ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს და საქართველოში მათი საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვს.

„არა NDI-ს, არა IRI-ს, არა ტყუილს, არა ლორა თორნტონებს, კრამერებს, ბრაიზებს, რომლებსაც საქართველო მათი კოლონია ჰგონიათ... ხმამაღლა ვამბობთ დღეს ამერიკის საელჩოს წინ - ამ ორგანიზაციებს უნდა აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა. წავიდნენ და დატოვონ საქართველო“, - განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, NDI და IRI კვლევის შედეგებს აყალბებენ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მაღალი რეიტინგები თავს მოახვიონ საზოგადოებას.

„ჩვენ მივმართავთ ამერიკის ხელისუფლებას და იმიტომ მოვედით ამერიკის საელჩოსთან, რომ გადასცეთ ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მთავარი სათქმელი - დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ყველა... ლორა თორნტონზე, პირდაპირ ვამბობ, საქმე უნდა აღიძრას“, - განაცხადა ინაშვილმა.

NDI-ს ბოლო კვლევა 16 იანვარს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხულთა 4% უჭერს მხარს. კვლევის შედეგებს სწრაფად გამოეხმაურა ინაშვილი და განაცხადა, რომ ორგანიზაცია სხვა პარტიებს მაჩვენებელს უზრდის, ხოლო მათ - უმცირებს.

NDI-სა და IRI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს „ქართული ოცნებაც“. ამ ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„კიდევ მაქვს, გვაქვს პატარა გეგმები ამ მიმართულებით - დავარწმუნოთ და კარგად ვაჩვენოთ ვაშინგტონს, თუ რა ხდება აქ... თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ მივმართო, ღია წერილით კონგრესს, თუ გნებავთ - სენატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას“, - აცხადებდა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეებად მოიხსენია ის ორგანიზაციები, რომლებიც NDI-ისა და IRI-ის ​კვლევებისთვის საველე სამუშაოებს ასრულებენ.

ერაყში შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებს და პოლიციას შორის

ერაყის პოლიციამ ნამდვილი ტყვიები ისროლა ანტისამთავრობო დემონსტრანტების დასაშლელად ბაღდადსა და სამხრეთ ერაყში, რასაც მოჰყვა შეტაკებები დემონსტრანტებთან, - იუწყებიან თვითმხილველები და საპოლიციო წყაროები.

26 იანვარს სულ მცირე 17 დემონსტრანტი დაიჭრა ბაღდადში, როცა უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გახსნეს და შეეცადნენ დემონსტრანტების განდევნას ხალანის და უათბას მოედნებიდან, პროტესტის ეპიცენტრის, ტაჰრირის მოედანთან ახლოს.

დემონსტრანტები პოლიციას ძირითადად ქვებს ესროდნენ, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილიც ისროლეს.

შეტაკებები მოხდა ქალაქ ნასირიაშიც, მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის.

სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ერაყში ოქტომბერში ახალგაზრდების ხელმძღვანელობით დაიწყო ქუჩის დემონსტრაციები, სამუშაო ადგილების ნაკლებობის, უხეირო სერვისებისა და ფართოდ გავრცელებული კორუფციის გამო.

სუს-ში კატეგორიულად უარყოფენ თვალთვალს მაიორ დვალიშვილის ოჯახზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უწყება უთვალთვალებს პოლიციის მაიორის, გიორგი დვალიშვილის ოჯახსა და მის მცირეწლოვან შვილებს.

უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს".

"აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მათი აქტივისტების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისამართით გავრცელებული მსგავსი ბრალდებები არ ეფუძნება ფაქტებსა და მტკიცებულებებს და მხოლოდ უწყების დისკრედიტაციას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პოლიციის მაიორმა, გიორგი დვალიშვილმა განაცხადა, რომ უკანონოდ უთვალთვალებენ მის ოჯახს, ლევან იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეომასალის გასაჯაროების გამო.

დვალიშვილი საგანგებოდ მიმართავდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს - შეწყდეს უკანონო თვალთვალი - „მყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, სამი გოგონა, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ - თვალთვალია მათზე, (თვალთვალი) სადარბაზოში უკვე ძალიან ზედმეტია“.

26 იანვარს, დვალიშვილთან ერთად, განცხადება გააკეთა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ, რომელიც ხელისუფლებას ასევე მოუწოდებდა უკანონო თვალთვალის შეწყვეტისკენ.

„მთავარი არხის“ მიერ 23 იანვარს გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული, ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე, ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდანვე ათავისუფლებენ. გიორგი დვალიშვილის თქმით, გათავისუფლების დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა.

დვალიშვილს ეჭვი აქვს, რომ 2019 წელს ის საპოლიციო სისტემიდან სწორედ ლევან იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებული ამბის გამო გაათავისუფლეს.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით.

თურქეთში გაიზარდა მიწისძვრის მსხვერპლი, ერდოანი უარყოფით "პროპაგანდაზე" საუბრობს

თურქეთის მთავრობის ცნობით, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა 24 იანვარს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი და ის 31 ადამიანს უტოლდება. პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ეუბნება, ყურადღება არ მიაქციონ "პროპაგანდას", რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა მზად არ იყო ამგვარი მოვლენისთვის.

მაშველები 26 იანვარსაც განაგრძობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას. ელაზიგის პროვინციის ქალაქ სივრიცესთან მომხდარი 6,5 - 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაშავდა 1,243 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 34 დაშავებული საავადმყოფოების ინტენსიურ განყოფილებებშია მოთავსებული, თუმცა მათი მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი 25 იანვარს დაესწრო მიწისძვრის შედეგად დაღუპული დედა-შვილის დასაფლავებას და ხალხს უთხრა, ყურადღება არ მიაქციონ "უარყოფით" განცხადებებს, რომ ქვეყანა მზად არ იყო მიწისძვრებისთვის. ერდოანის ამ სიტყვებს წინ უსწრებდა ანკარაში ერთ-ერთი პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ დაიწყო გამოძიება "პროვოკაციულ" პოსტებზე სოციალურ მედიაში. საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ წერს, რომ თურქეთის სამაუწყებლო უწყება შეისწავლის, როგორ გაშუქდა მიწისძვრა მედიაში.

ჩინეთის პრეზიდენტი: ვირუსთან დაკავშირებული ვითარება მძიმეა, მაგრამ გამკლავება შესაძლებელია

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი აცხადებს, რომ მის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარება "მძიმეა" - იმ ფონზე, როცა ვირუსმა კიდევ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა და დააავადა, მსოფლიოს გარშემო ქვეყნებში კი ამ დაავადების ახალი შემთხვევები ფიქსირდება.

სი ძინპინმა 25 იანვარს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერთა შეხვედრაზე განაცხადა, ჩინეთი დგას "ახალი კორონავირუსის მზარდი გავრცელებით შექმნილი მძიმე ვითარების წინაშეო". ვირუსმა ჩინეთში სულ მცირე 56 ადამიანი იმსხვერპლა და 1,975-მდე ადამიანი დააავადა. თუმცა, პრეზიდენტი მოქალაქეების დამშვიდებას შეეცადა და დასძინა, რომ ქვეყანა "აუცილებლად შეძლებს ამ ბრძოლის მოგებას".

ვრცელდება ცნობები, რომ ჩინეთში სულ უფრო მეტი ქალაქი იკეტება, იქ ვერ შედის და ვერ გამოდის ტრანსპორტი. კრიზისის გამო სათანადოდ ვერ აღინიშნა ჩინეთის უდიდესი დღესასწაული, ახალი წლის დადგომა.

ჩინეთის სამგზავრო სერვისების ასოციაციამ ტურისტულ სააგენტოებს უთხრა, შეაჩეროს ყველა ჯგუფური ტური, რადგან საახალწლო დღეებში მილიონობით ადამიანის მოგზაურობამ ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG