Accessibility links

ქეთევან ცინცაძე: სასამართლოს კლანის არსებობის მტკიცებულებები არავის წარუდგენია


ქეთევან ცინცაძე

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ქეთევან ცინცაძე აღნიშნავს, რომ სასამართლოში კლანის არსებობა არავის დაუმტკიცებია:

„მე ნამდვილად ვერანაირად ვერ დაგისახელებთ, ვინ არიან კლანის წევრები. ალბათ ეს უნდა დაასახელონ იმ პირებმა, ვინც ამას ამბობენ“, - განაცხადა ქეთევან ცინცაძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ კლანის არსებობის შესახებ სმენია, თუმცა ამის მტკიცებულებები არ უნახავს:

„მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული არაფორმალური მართვის ნიშნებზე დამადასტურებელი მტკიცებულებები დღემდე არ არის წარმოდგენილი. ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირადად ჩემთვისაც“, - აღნიშნა ქეთევან ცინცაძემ. მის ამ პასუხს მოჰყვა რომან გოცირიძის კიდევ ერთი დამაზუსტებელი კითხვა:

„ესე იგი, თქვენ არა ხართ კლანის პატარა, დამწყები წევრი?“

„ალბათ პასუხი მისახვედრია, რომ, რა თქმა უნდა, არა“, - უპასუხა ქეთევან ცინცაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე გასაუბრებაზე ქეთევან ცინცაძეს დეპუტატმა რომან გოცირიძემ ისიც ჰკითხა, შეძლებდა თუ არა მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაში მოხვედრას, რომ არა მისი მუშაობა ე.წ. კლანის ლიდერის, მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწის თანამდებობაზე:

„ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ცოტა გასაკვირია ამ ტიპის კითხვა, ვინაიდან იმდენად გამჭვირვალე პროცესი იყო, მართლაც რეალურად გამოჩნდა კანდიდატების კვალიფიკაცია“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა ქეთევან ცინცაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-18 კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს უსმენენ.

2017 წლის ნოემბრიდან ქეთევან ცინცაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორია. მისი ფუნქციაა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და განხორციელება, საქმის გარემოებების მოკვლევის შედეგად შესაბამისი დასკვნის მომზადება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენა.

2011-2017 წლებში ქეთევან ცინცაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოში, მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-დან 17 კანდიდატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG