Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: ყველას შეუძლია ხელოვნებაში თავი გამოხატოს ისე, როგორც საჭიროდ თვლის


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლებას „ვერავინ ვერაფერს ვერ მოუწყობს და საზოგადოებრივ წესრიგს არანაირი საფრთხე არ შეექმნება“.

არჩილ თალაკვაძეს, რომელიც დღეს, 6 ნოემბერს, ბათუმში ესწრება საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას, მედიამ ჰკითხა ნაციონალისტური ჯგუფების განზრახვაზე, არ დაუშვან საქართველოს კინოთეატრებში ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის, „And then we danced“ ჩვენება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ ვინმეს პროტესტის გამოხატვა უნდა, შეუძლია ეს მშვიდობიანი ფორმით, კანონმდებლობის შესაბამისად გააკეთოს. რაც შეეხება თავად ფილმს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით: „ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, კულტურული საზოგადოება და ყველას შეუძლია, ხელოვნებაში თავისი თავი გამოხატოს ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. შესაბამისად, აქ სხვა კითხვები არ არსებობს“.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და „ქართული მარში“ რეჟისორ ლევან აკინის ფილმს, „ოსკარზე“ წარდგენილ „And then we danced“-ს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აფასებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში მის ჩვენებას არ დაუშვებენ. ფილმს აპროტესტებენ საპატრიარქოშიც.

საქართველოს კინოთეატრებში ფილმის ჩვენება 8, 9 და 10 ნოემბერსაა დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG