Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში დასრულდა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია


დღეს, 7 ნოემბერს ბათუმში დასრულდა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია.

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორდღიან ფორუმს წარმატებული უწოდა: „ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე იქნა დისკუსიები გახსნილი და ჩვენ მივიღეთ ძალიან საინტერესო პასუხები“. ღარიბაშვილის ინფორმაციით, გახსნილი დისკუსია შედგა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც და ქართულმა მხარემ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

თავდაცვის მინისტრმა ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. „სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად ჩვენი ქვეყანა არის გაძლიერებული, ჩვენი ქვეყანა არის დაფასებული მთელ საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბათუმმა 6-7 ნოემბერს უმასპინძლა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერნციას, რომელშიც 300-მდე დელეგატი მონაწილეობდა - მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებმა დახურული ფორმატის სესიებზე იმსჯელეს ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე, საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნაზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.

კონფერენციის გახსნაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG