Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის პასუხი მაკო გომურს: გამოძიებამ აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები


გამოძიებამ აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა, - პასუხობს გენერალური პროკურატურა 20-21 ივნისის ღამითაქციის დაშლისას დაშავებული მაკო გომურის განცხადებას.

„20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა, სტანდარტული პროცედურები.

აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა.

20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული“, - აცხადებენ პროკურატურაში.

მაკო გომურს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, მან 20-21 ივნისის ღამის აქციის დაშლისას თვალი დაკარგა. მაკო გომურმა 6 ნოემბერს ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ საგამოძიებო ორგანოდან დაუკავშირდნენ და ექსპრეტიზის შეკითხვა გადასცეს.

„მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“, - აღნიშნავს მაკო გომური.

  • ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 პირი დაზარალდა, მათ შორის - 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი.
  • მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული - 4 პირს. ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა,
  • საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აქციის დაშლისას შსს-ს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს აქვს მინიჭებული.
  • სხვა პირებთან ერთად, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად დაკარგეს თვალი.
  • დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული ჟურნალისტებს.
  • დაზარალებულის სტატუსი არ აქვს არც ირაკლი ხვადაგიანს, რომელმაც დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 67 თანამშრომელი დაზარალებულად არის ცნობილი.
  • პროკურატურის თანახმად, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
  • 16 დაზარალებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომაც უარი უთხრა სტატუსის მინიჭებაზე. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით არ დგინდება, რომ ჩადენილია დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG