Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციების ფონზე ბოლივიის პრეზიდენტი დათანხმდა ვადამდელ არჩევნებზე


საპროტესტო აქცია ბოლივიაში
საპროტესტო აქცია ბოლივიაში

ოპოზიციის მომხრეების მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, ბოლივიის პრეზიდენტი, ევო მორალესი, დათანხმდა, გაეუქმებინა პრეზიდენტის პირველი ტურის სადავო შედეგები და დაენიშნა ახალი კენჭისყრა.

მორალესი დათანხმდა ასევე საარჩევნო კომისიის დათხოვნას და ახალი შემადგენლობის ფორმირებას, რასაც მანამდე ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია მოუწოდებდა.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა მორალესის გადაწყვეტილებას ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებსაც ბლოკირებული აქვთ სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების მუშაობა ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ლა-პასეში.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მორალესმა განაცხადა, რომ ქალაქ ორუროში დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მისი დის, ესთერ მორალესის სახლს.

მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა, გადატრიალების მცდელობა უწოდა ანტისამთავრობო დემონსტრაციას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ 20 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გამოაცხადა. სასამართლოს თანახმად, მეოთხე ვადით არჩეულმა ევო მორალესმა მიიღო ხმების 47%, მისმა მთავარმა ოპონენტმა, ჟურნალისტმა კარლოს მესამ კი - 36,5%.

მესამ არ ცნო არჩევნების შედეგები, განაცხადა მასობრივი ფალსიფიცირების შესახებ და თავის მომხრეებს მასობრივი აქციებისკენ მოუწოდა.

ბოლივიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს, ძალადობასა და შეტაკებებს, სულ მცირე, სამი ადამიანი შეეწირა.

პრეზიდენტმა მორალესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ მოგვიანებით მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა ოპოზიციის აქტივისტებს, რომლებმაც ეს წინადადება უარყვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG