Accessibility links

ახალი ამბები

ტელეწამყვანმა გალკინმა გაამასხარავა პუტინი და კრემლის მომხრე ტელევიზიები

მაქსიმ გალკინი

პოპულარულმა რუსმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, მაქსიმ გალკინმა, ნოვოსიბირსკში გამართულ კონცერტზე გაამასხარავა კრემლის მომხრე ტელეარხები, რომლებიც, მსახიობის თქმით, საბჭოთა პერიოდში დაბრუნდნენ „ამ სიტყვის ყველაზე უარესი მნიშვნელობით“, ხოლო ვლადიმირ პუტინმა, რომელიც „გონებაში მარსს იპყრობს“, მოიწყინა რუსების გამო.

ვიდეო, სადაც გალკინი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, 3 ოქტომბერს დაიდო „იუტუბზე“ და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა, - იუწყება საიტი „სიბირ რეალიი“.

„პუტინმა ჩვენ გამო თავად მოიწყინა, გესმით. უამრავი პრობლემაა, არ გვაქვს საკმარისი პენსია, იქ რაღაც ისე არ გააკეთეს, აქ რაღაც ისე ვერაა. ის (პუტინი) ხომ უკვე სხვა მასშტაბებით აზროვნებს. ის გონებით უკვე მარსს იპყრობს. ჩვენ კი ვწუწუნებთ: „ხვალ როგორღა ვიცხოვროთო“. ის კი გვპასუხობს: „მოითმინეთ, ქამრები შემოიჭირეთ!“ და ჩვენც ვიჭერთ და ვიჭერთ, ვინ წელზე, ვინ კიდევ - კისერზე“, - გაიხუმრა მაქსიმ გალკინმა.

ყველა ახალი ამბავი

ჯიოევი: გუგუტიანთკარში ჩვენი მესაზღვრეები ერთი მეტრითაც არ შეხებიან საქართველოს ტერიტორიას

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევი ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

„რეალურად, ვითარება იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურმა სოფელ გუგუტიანთკარში 2019 წლის აგვისტოში დაწყებული საზღვრის გავლების სამუშაოები გააგრძელა. მართალია, ჩვენი მესაზღვრეები არც მანამდე და არც ახლა ერთი მეტრითაც არ შეხებიან საქართველოს ტერიტორიას, ქართული მხარე, ისევე, როგორც წარსულში, ცდილობს ამ ქმედების „მსოფლიო სკანდალად“ წარმოჩენას.

ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებას შეცდომაში შეყავს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, - ამბობს მურატ ჯიოევი.

სუს-ის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს.

ზურაბიშვილი იერუსალიმში „მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენით“ დააჯილდოეს

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - „მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი" გადასცა, - იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს, ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს.
საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს“.

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

იაგო კაჭკაჭიშვილი: გიორგი შარვაშიძემ ვერცერთ ძირითად შეკითხვას ვერ/არ უპასუხა

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში გამჟღავნებული შესაძლო პლაგიატის თავად რექტორის განმარტებას ეხმაურება ამავე უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

„მოვისმინე გიორგი შარვაშიძის ბრიფინგი, რომელმაც ვერცერთ ძირითად შეკითხვას ვერ/არ უპასუხა.

დავწერ იმათთვის (მათ შორის, მედია საშუალებებისთვის), ვინც დაიბნა (ან თავს აჩვენებს, რომ დაიბნა) და ჰგონია, რომ არსებობს ორი უნივერსიტეტის (თსუ-ის და ილიაუნის) ალტერნატიული დასკვნები, რომელთაგან ან არც ერთი არ არის სწორი და სიმართლე სადღაც „შუაშია“, ანდა თსუ-ის დასკვნაა მხოლოდ სწორი“, - აღნიშნავს „ფეისბუკზე“ კაჭკაჭიშვილი.

პროფესორის აზრით, სინამდვილეში, არავითარ ბუნდოვანებასთან არ გვაქვს საქმე. პლაგიატი აშკარაა:

„1. დისერტაციაში არის თავი პირველის 1.1. ქვეთავი (გვ. 18-58) – „უმაღლესი განათლების განვითარების თავისებურებები“ - რომლის (უკეთეს შემთხვევაში, ერთადერთი) ავტორი გია შარვაშიძე არ არის.


2. ანაბანაა: როდესაც რაიმე ტექსტის ავტორი არ ხარ, უნდა დაიმოწმო წყარო, რომელიც ადასტურებს გამოყენებული ტექსტის წარმომავლობას (ავტორი/ავტორები, პირველწყაროს დასახელება, გამომცემელი და გამოცემის წესი და ა.შ.). შარვაშიძის დისერტაციის ამ ქვეთავში არაფერი წერია ტექსტის წარმომავლობის შესახებ. ანუ, რჩება სრული შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული თავის ავტორი დისერტანტია.


3. დისერტაციაში გამოყენებული ტექსტი (1.1. ქვეთავი), ამავე დროს, წარმოადგენს პარლამენტის 2012 წლის დადგენილების განმარტებით ბარათს. შარვაშიძის დამცველები ამბობენ, რომ რადგან ტექსტი იურიდიულ დოკუმენტად გადაიქცა, შარვაშიძეს არ მოეთხოვებოდა დოკუმენტის ავტორ(ებ)ის დასახელებაო. ეს არგუმენტი რომც გავიზიაროთ, დისერტანტს ის ხომ მაინც მოეთხოვებოდა, რომ ეთქვა, ეს 41 გვერდი იურიდიული დოკუმენტიაო? არ უთქვამს! ვერავინ მიხვდება, რომ დისერტაციის პირველი თავის პირველი ქვეთავი იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენს.


4. პარლამენტის აღნიშნული დადგენილების და მისი მიღების ისტორიის შესახებ წერია დისერტაციის სხვა - 1.2. ქვეთავში („საკანონმდებლო ინიციატივები საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში“), რომელსაც შემხებლობა არ აქვს 1.1. ქვეთავთან.


5. რომელია პირველწყარო? ესაა 2002 წელს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დასტამბული ბროშურა „საქართელოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები“. ეს ბროშურა დისერტანტს ბიბლიოგრაფიაში მოხსენიებული არ აქვს. მეტიც: ბიბლიოგრაფიაში მოხსენიებული არ არის პარლამენტის დადგენილებაც (რომელიც ასევე შეიძლება პირველწყაროდ ჩაითვალოს).


6. დაბოლოს, აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ დისერტაციის მესამედი (!) დაიკავოს დადგენილების განმარტებითმა ბარათმა, როგორც იურიდიულმა დოკუმენტმა. ეს რომ დასაშვები იყოს, აკინძავდა ვინმე რომელიმე კოდექსს და დისერტაციად გაასაღებდა.

თსუ-ის კომისიის პოზიციაა (ცხადია, არაადეკვატური), რომ რადგან დისერტაციის 1.1. ქვეთავი, ანალიტიკურთან ერთად, იურიდიული დოკუმენტია, ის არ მოითხოვს არანაირ მითითებას. ამდენად, ეს ნაწილი კომისიამ გააბათილა და ნულოვანი (თუ 8%-იანი) პლაგიატი მიიღო.

ილიაუნის დასკვნაში კი წერია, რომ დისერტაციაში 34% მოცულობის ტექსტი გამოყენებულია პირველწყაროს მითითების გარეშე. ამიტომ სახეზეა აშკარა პლაგიატი“.

იაგო კაჭკაჭიშვილი მიმართავს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს ქეთევან ხუციშვილს, რომელიც რექტორის ნაშრომში პლაგიატს უარყოფს. „მიმითითოს შეცდომაზე, ან წინააღმდეგობაზე, რომელსაც ჩემი ზემოაღნიშნული არგუმენტაცია შეიცავს“, - წერს კაჭკაჭიშვილი.

თავად გიორგი შარვაშიძემ 22 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი არ არის.

„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.

ტრამპი აპირებს აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვა გაავრცელოს ბელარუსზე, ყირგიზეთზე და რამდენიმე ქვეყანაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია აპირებს, „რამდენიმე“ ქვეყანა მიუმატოს იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც ეკრძალებათ აშშ-ში მგზავრობა. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება „ძალიან მალე“ გამოქვეყნდება.

22 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც ტრამპი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, მან თქვა: „ხედავთ, რაც ხდება მსოფლიოში, ჩვენი ქვეყანა დაცული უნდა იყოს“.

ტრამპის კომენტარი მოჰყვა გუშინ აშშ-ის მედიაში გაჩენილ ცნობებს, რომ ვაშინგტონი აკრძალული ქვეყნების სიაში აპირებს შეიყვანოს ბელარუსი, ყირგიზეთი, ბირმა, ერითრეა, ნიგერია, სუდანი და ტანზანია.

ტრამპის თავდაპირველი განკარგულება, რომელიც მან სამი წლის წინ გამოსცა, მიმართული იყო შვიდი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიც ძირითადად მუსლიმებით არიან დასახლებული. მაგრამ ამ განკარგულებამ სახეცვლილება განიცადა იურიდიული წინაღობების გამო.

სახლი უყიდეს მიუსაფარ ძაღლს, რომელიც ბავშვებს ქუჩაზე უსაფრთხოდ გადასვლაში ეხმარება

პოპულარულ მიუსაფარ ძაღლს, კუპატას, რომელიც ბავშვების ბათუმში ქუჩაზე უსაფრთხოდ გადასვლაში ეხმარება, აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახლი უყიდეს.

რადიო თავისუფლების ვიდეოდან გაიგეთ მეტი სოციალურ ქსელში უკვე პოპულარული ძაღლის შესახებ.

„დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ #კერა წარწერით „ხალხის რჩეული", რაც ნამდვილად დაიმსახურა“, - წერს აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტი.

ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილი გახარიას. სრული ტექსტი ქართულად

საქართველოს მთავრობამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილი, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს.

წერილის შესახებ გუშინ, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებით გახდა ცნობილი.

წერილში, რომელიც 21 იანვრით არის დათარიღებული, გამოხატულია მკვეთრი კრიტიკა და შეშფოთება საქართველოში დაპირებული საარჩევნო რეფორმების ჩავარდნის, ოპოზიციის დევნისა და ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო.

გთავაზობთ წერილის არაოფიციალურ თარგმანს სრულად:

ბატონო პრემიერ-მინისტრო გახარია,

გწერთ, როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისკენ და დასავლეთში ინტეგრაციისკენ. თუმცა, როგორც ზოგიერთმა ჩვენგანმა თქვენს წინაშე 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში უკვე გამოვხატეთ, ჩვენ შეშფოთებული ვართ გადაწყვეტილებით, უარი თქმულიყო დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ამასთან დაკავშირებული ძალადობით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამავე დროს, ჩვენში განგაშს იწვევს ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტის პოლიტიზება.

მაშინ, როცა საქართველო, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ კვლავ მოგიწოდებთ დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველჰყოთ მისი დაცულობა როგორც შიდა, ისე გარე ჩარევისგან. 2019 წლის 17 დეკემბრით დათარიღებულ საპასუხო წერილში თქვენ დაგვპირდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება. თუმცა, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, ფეისბუკს მოუწია „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელის დახურვა. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები, როგორც სჩანს, ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ შეხედულებებს, უბრალოდ მიუღებელია.

ამავე დროს, ჩვენ გვაშფოთებს ცნობები, „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორების მიერ ძველ საქმეების კვლავ აღძვრის შესახებ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. ამ საქმეების ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს ღირებულება, სხვები კი აღქმულია, როგორც, წამყვანი ოპოზიციური ლიდერების, ახალი ამბების მწარმოებლების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება. კანონის უზენაესობის დაცვა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის - რისი გარანტიაც თქვენმა პარტიამ გასცა.

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართველი ხალხის მძლავრ სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. მაგრამ, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მოცემული იმედის მიუხედავად, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე აშშ-ში. სამწუხაროდ, ეკონომიკის ინდიკატორები აჩვენებს მკვეთრ კლებას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საქართველოში, იმ ფონზე, როცა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა შევიწროება განიცადეს, რის გამოც ბევრმა გადასინჯა საკუთარი ბიზნესწამოწყებები.

ამასთან, აღქმამ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სამიზნედ აქცევს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ახლა უკვე შეაჩერა არსებული ან გააჩერა შესაძლო ინვესტიციები ამერიკული კომპანიების მხრიდან ამ მნიშვნელოვან პროექტში. ეს ტენდენციები, როგორც სჩანს, ირეკლავს მზარდად არაკეთილმოსურნე ბიზნეს გარემოს და მათ გამო შესაძლოა აშშ-სგან სამომავლო ინვესტიციებიც გაჩერდეს საქართველოში. შემცირებული უცხოური ინვესტიციები ზიანს აყენებს არა მხოლოდ ქართველ ხალხს და მათ იმედებს დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის თაობაზე, არამედ ასევე აძლიერებს ვლადიმირ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს შეუძლია იყოს უმნიშვნელოვანესი ჰაბი აშშ-დან ევროპასა და შუა აზიაში, და პირიქით მოძრავი საქონლისთვის, რაც წაადგებოდა საქართველოს ეკონომიკას.

ამ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების და კონგრესის დერეფნებში საქართველოს მიმართ არსებულ, ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერაზე უარყოფითი გავლენის არდაშვების იმედებით. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობა ითანამშრომლებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის გაფართოების მიზნით, რათა საქართველომ კვლავაც, ბევრი სამომავლო წლის განმავლობაში შესძლოს იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს.

წერილს ხელს აწერენ საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი, ასევე საგარეო კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და იმავე კომიტეტის მთავარი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემა

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის წესი დაადგინა.

მიღებული გადაწყვეტილებით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერში („ლაივ სტრიმით“) გადაიცემა.

საპროკურორო საბჭოს ცნობით, „გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში ყველა მონაწილეს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს“.

საპროკურორო საბჭოს სულ 17 კანდიდატი წარუდგინეს, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

კანდიდატებად წარმოდგენილი პირების მონაცემების შესწავლის შედეგად დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის გამო, ორ პირს (გელა ჩივაძეს, ალექსანდრე კობაიძეს) დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო გრიგოლ გაგნიძემ ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყებს.

ჯაღმაიძემ დაასახელა გამონათქვამები რისთვისაც ანდრია სარიას მღვდელმსახურება აუკრძალეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა მიზეზები, რატომო აუკრძალეს მღვდელმსახურება მღვდელ ანდრია სარიას.

„იმის გამო, რომ მღვდელმა ანდრია სარიამ შენიშვნა არ გაითვალისწინა, მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

შეკითხვაზე, რომელი განცხადება დაედო საფუძვლად პატრიარქის ბრძანებას, ჯაღმაიძე პასუხობს: „ბოლო დროის მის განცხადებებს გადახედეთ და იქ არის ასეთი გამონათქვამები: „საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე“; „პატრიარქის გარემოცვა ბანდაა“; „საპატრიარქო სახელმწიფოსთან ერთად არის ერთ-ერთი სადამსჯელო ორგანიზაცია“ და მსგავსი განცხდებები“.

ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც პატრიარქი არ იმყოფება თბილისში?

„გადაწყვეტილება მიიღო [პატრიარქმა] და საპატრიარქო ამზადებს ბრძანებას, რომელსაც უთანხმებს პატრიარქს და მისი ფაქსიმილიით მზადდება ეს ბრძანება. არის ხალხის კატეგორია, რომელიც, როცა აწყობს, ამბობს, რომ პატრიარქი იღებს პრეზიდენტზე უპირატეს გადაწყვეტილებას შეწყალება-არშეწყალებაზე, რაც მამალაძის შემთხვევაში მოვისმინეთ, ხოლო, როცა ააწყობთ, ამბობს, რომ პატრიარქმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება სარიასთან დაკავშირებით“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

ანდრია სარია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, რაზეც ჯაღმაიძე პასუხობს: „ჩემი აზრით, სანამ საჯაროდ გააკეთებდა ამხელა განცხადებებს, მანამდე უნდა ეზრუნა ამაზე, რომ პატრიარქს შეხვედროდა, თუმცა არ ვიცი პატრიარქი, რას გადაწყვეტს“. მისი თქმით, პატრიარქის გულმოწყალების ნიმუშია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ანდრია სარიას ბევრი შესაძლებლობა ეძლეოდა იმისთვის, რომ მოენანიებინა.

„ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს გაცილებით მძიმე გადაწყვეტილების მიღების, განკვეთის საშუალებასაც იძლევა. ამ ფონზე ეს არის კიდევ ერთი შეღავათიანი გადაწყვეტილება“, - თქვა ჯაღმაიძემ.

მღვდელმსახურების შეზღუდვა გულისხმობს იმას, რომ ის ვერ წირავს, ვერ ჩაიბარებს აღსარებას და სხვა საიდუმლო მსახურებას ვერ შეასრულებს.

„ქრისტიანის წოდებას და სტატუსს ვერავირ ვერ წამართმევს. ეს არ არის კანტორა და კონკრეტული გვარების, ან შიოლაშვილების. ეს არის ქრისტეს ეკლესია ამ ქრისტეს ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი ვერ დაშლის“,- განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ, რომელსაც პატრიარქის ბრძანებით მღვდელმსახურება აეკრძალა

გია შარვაშიძე დისერტაციაზე: შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მაგრამ ეს არ არის პლაგიატი

გია შარვაშიძე, თსუ-ის რექტორი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე ამბობს, რომ მის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი არ არის. საგანგებო პრესკონფერენციაზე რექტორმა განაცხადა, რომ ეს დაადასტურა ანტიპლაგიატის ორ სისტემამ:

„რამდენიმე მცდელობა გვქონდა იმისა,რომ დაგვედგინა თუ რასთან გვაქვს საქმე. „Turnitin”-ის პროგრამაში გავატარებინეთ ეს დისერტაცია. დამთხვევა ამ დოკუმენტში დაფიქსირდა 8% და ახსნილია, თუ რა არის ეს დამთხვევები. რამოდენიმე ექსპერტი რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს ამას აწერს ხელს.

„Turnitin”-ის გარდა, არსებობს მეორე, კიდევ ერთი სისტემა „Urkund“. გავატარეთ „Urkund“- ში და მივიღეთ პასუხი, რომ აქ არ დაფიქსირდა პლაგიატი და მნიშვნელოვანი დამთხვევაც არ არის. 0% წერია „Urkund”-ში , - აღნიშნა გია შარვაშიძემ.

მისი თქმით, დისერტაციაში პლაგიატის შესახებ საუბრებში მანიპულაცია იყო ისიც, რომ მან ნაშრომში გამოიყენა ბროშურა. „საუბარია საკანონმდებლო აქტზე, რომელიც ბროშურის ფორმითაა გამოცემული, სინამდვილეში კი საჯარო დოკუმენტია.“, - განაცხადა გია შარვაშიძემ. „დიახ, ეს არის ის დოკუმენტი, რომლის თანაავტორიც ვიყავი და ვიყავი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, თუმცაღა მითვისება არ მომხდარა, ეს არის საჯარო დოკუმენტი“, - აღნიშნა რექტორმა, რომლის თქმითაც, საავტორო უფლებები საკანონმდებლო აქტებზე არ ვრცელდება:

„რა თქმა უნდა დისერტაციაში არის ნახსენები დოკუმენტი, თუმცა აქ საუბარია იმაზე, არის თუ არა სქოლიოში ჩამოტანილი. ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი. არის ნახსენები. სქოლიოში არ არისო, მაგაზეა საუბარი. შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, კი ბატონო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის პლაგიატი“, - აღნიშნა გია შარვაშიძემ.

მან კომენტარი გააკეთა ასევე პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილისადმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიწერილი წერილის შინაარსზე. „ფეისბუკში“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი წერდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გია შარვაშიძის დისერტაციაში დაადასტურა პლაგიატი 34 % - ის მოცულობით. გია შარვაშიძე ამბობს, რომ არ იცის რას ნიშნავს ეს 34%:

„ის დოკუმენტი, რაზეც აპელირება ხდება, მე არ მინახავს. მე ვნახე მხოლოდ ფეისბუკპოსტები. სოციალური ქსელებით ამ საკითხის გარჩევა არ არის სწორი, არსებობს უფრო აკადემიური გარემო, სადაც ასეთი საკითხები ირჩევა“, - აღნიშნა გია შარვაშიძემ. იგი ამბობს, რომ საჭიროა ეს მონაცემები ჩაშლილი სახით ნახოს.

რექტორი მიიჩნევს, რომ მის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ საუბარი თსუ-ის რეპუტაციის შელახვისკენაა მიმართული. გია შარვაშიძე მოუწოდებს მათ, ვინც თვლის რომ საავტორო უფლებები დაერღვა, სასამართლოს მიმართოს.

„დიდი სიამოვნებით დავიცავ ჩემს პოზიციას სასამართლოში. სამართლებრივი გზა ამ სიტუაციაში არის ყველაზე სწორი გამოსავალი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე.

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილმა 21 იანვარს განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 %-ის მოცულობითაა დადასტურებული.

„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“, - წერია ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა მიიღო ილიას უნივერსიტეტიდან მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

სადისერტაციო ნაშრომის შესახებ საექსპერტო დასკვნის შინაარსი რადიო თავისუფლებასთან დაადასტურა ილიას სახელობის უნივერსიტეტმაც.

გიორგი შარვაშიძემ დისერტაცია 2003 წელს დაიცვა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს ილიას უნივერსიტეტია.

სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ

სომხეთის პარლამენტმა საბოლოო წაკითხვით დაამტკიცა კანონი, რომელიც მიმართულია „კანონიერი ქურდებისა“ და მათი ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ.

22 იანვარს მიღებული კანონით, პირებს, რომლებსაც დაუმტკიცდებათ „დანაშაულებრივი სუბკულტურული ჯგუფის შექმნა ან ლიდერობა“ და პირებს, რომლებიც „კანონიერ ქურდებად“ იწოდებიან, 10 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.

თუკი დანაშაულებრივი ჯგუფი შეიქმნება პატიმრის, „კანონიერი ქურდის“, სამხედრო ოფიცრის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ, სასჯელი შეიძლება 12 წლით პატიმრობამდე გაიზარდოს.

მიმომხილველთა თანახმად, სომხეთის მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო ეძებენ გზებს, რათა შეასუსტონ მაფიური ჯგუფების გავლენა ჩვეულებრივ პატიმრებზე და წესრიგი შეიტანოს პენიტენციურ სისტემაში.

მმართველმა ბლოკმა „ჩემმა ნაბიჯმა“ მხარი დაუჭირა კანონს, ოპოზიციური პარტია „განათლებული სომხეთის“ წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს, ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატებმა წინააღმდეგ მისცეს ხმა.

კანონპროექტი იუსტიციის მინისტრმა წარადგინა და სომხეთის მთავრობამ ის აგვისტოში მოიწონა.

როგორც იტყობინებიან, სექტემბერში სომხეთის მთავარ საპატიმროებში მომხდარი ამბოხება მთავრობის გეგმის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ყოფილ საბჭოთა კავშირში ეთნიკურ ქართველებთან ერთად სომხები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ „კანონიერი ქურდების“ იერარქიაში.

რუსეთმა მსგავსი კანონი 2019 წელს მიიღო. საქართველოში ეს კანონი 2004 წელს იქნა მიღებული.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ათ საუკეთესო ნაკრებს შორის გაინაღდა ადგილი. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პლეი ოფში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ადვილად დაამარცხა, ანგარიშით 12:6.

ამ წარმატებით ქართველმა წყალბურთელებმა ევროპირველობაზე მინიმუმ მეათე ადგილი გაინაღდეს. წინ კი კიდევ ერთი თამაშია და შესაძლოა მეცხრე პოზიციამდეც დაწინაურდნენ.

მეცხრე ადგილისთვის საქართველოს ნაკრები გერმანიას შეხვდება, რომელმაც დღეს რუმინეთს აჯობა. გადამწყვეტი მატჩი 24 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანული შოუს, "მონტი პაითონის" ყოფილი წევრი ტერი ჯონსი

ტერი ჯონსი

დიდ ბრიტანეთში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა კომიკოსთა სახელგანთქმული ჯგუფის, „მონტი პაითონის“ წევრი ტერი ჯონსი.

ჯონსი 1941 წლის 1 თებერვალს დაიბადა უელსში. სწავლობდა ოქსფორდის ერთ-ერთ კოლეჯში. 1965 წელს მეგობართან ერთად დაიწყო სატელევიზიო შოუ, შემდეგ კი ტელეგადაცემებისთვის სცენარებს წერდა.

2016 წელს ცნობილი გახდა, რომ ჯონსს სჭირდა დემენციის იშვიათი ფორმა, რომელსაც თან ახლავს მეტყველების დარღვევა. ამის შემდეგ მსახიობმა შეწყვიტა ინტერვიუების მიცემა.

ყველაზე დიდი სახელი ჯონსს მოუპოვა შოუ „მონტი პაითონმა“. ის შეიქმნა 1969 წელს. ჯგუფში ექვსი ადამიანი იყო. შოუს ბიბისის ტელეარხი გადასცემდა. ჯგუფმა შექმნა ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმი. 1983 წელს ჯგუფის დაშლის შემდეგ მისი მონაწილეები საკუთარ პროექტებზე მუშაობდნენ, მაგრამ არაერთხელ შეიკრიბნენ ერთობლივი პროექტებისთვის.

ანდრია სარია მღვდელმსახურების შეჩერებაზე: ქრისტიანის წოდებას ვერავინ წამართმევს

„ქრისტიანის წოდებას და სტატუსს ვერავირ ვერ წამართმევს. ეს არ არის კანტორა და კონკრეტული გვარების, ან შიოლაშვილების. ეს არის ქრისტეს ეკლესია ამ ქრისტეს ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი ვერ დაშლის“,- განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ, რომელსაც პატრიარქის ბრძანებით მღვდელმსახურება აეკრძალა.

ის მღვდელმსახურების შეწყვეტას მუქარის და შანტაჟის აღსრულებად აფასებს.

„შანტაჟის ენა და მუქარების აღსრულება დაიწყო იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე წლებია ლაპარაკობენ სიმართლეს. მამათმავლები, ნაკრომანები მფარველობაში ჰყავთ ეკლესიაში და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეკლესიაში დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს ნელ-ნელა თითქოს მოცილებულია მათგან“.

ანდრია სარიას განცხადებით, ის პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, იმის გასარკვევად პირადად მან მიიღო გადაწყვეტილება თუ სხვებმა.

„პატრიარქთან ის [მინდა გავიგო], რომ ერთპიროვნულად მან მიიღო ეს არაკანონიკური გადაწყვეტილება თუ მის ნაცვლად სხვებმა მიიღეს. მინიმუმ 6-მა მღვდელმთავარმა უნდა განსაჯოს მღვდელი, თუ რაიმე კანონიკურ დარღვევაშია მხილებული. მაგრამ არც დაბარება მომხდარა და რაღაც კანტორაში რომ გადაწყვეტენ - ეს არის მღვდელი, ეს არ არის მღვდელი და ქურდულ სამყაროში ქუჩური გარჩევებივით [ასე მოხდა]. საეკლესოი სივრცე ფაქტობრივად მოშლილია“,- განაცხადა ანდრია სარიამ.

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.

20 იანვრით დათარიღებული ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოს დებულებების, ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოსა და პატრიარქის ბრძანებით გაფრთხილების მიუხედავად, მღვდელმონაზონი ანდრია (სარია) კვლავ აგრძელებს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებებით შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

პატრიარქმა მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აუკრძალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.

20 იანვრით დათარიღებული ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოს დებულებების, ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოსა და პატრიარქის ბრძანებით გაფრთხილების მიუხედავად, მღვდელმონაზონი ანდრია (სარია) კვლავ აგრძელებს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებებით შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

2 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ ინჩხურის მონასტერში განწესებაზე უარი მიიღო, ანდრია სარიამ შემდეგი რამ განაცხადა: „საპატრიარქოს განცხადება, რა თქმა უნდა, არის ამორალური. საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან უკეთესის მოლოდინი არ გვქონდა, იმ საშინელების შემდგომ, რაც მათ გააკეთეს, თუმცა ეს იყო შეთავაზება სიყვარულისმიერი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებდით ამ ყველაფრით, რომ არ ვართ დაპირისპირების, შუღლის და ბოროტების მომხრე, არამედ გვაქვს სურვილი, შიგნითვე, ეტაპობრივად მოწესრიგებულიყო ყველაფერი“.

2019 წლის დეკემბერში ანდრია სარია საპატრიარქოში დაიბარეს და ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლების ოქმი გააცნეს.

9 იანვარს მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა.

სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა იუსტიციის მინისტრის ქმედების შესასწავლად

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორს იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 21 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის კანონიერების შესწავლის მიზნით მიმართა.

ვიდეოჩანაწერებიდან ორი ასახავდა სახალხო დამცველის რწმუნებულების პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებთან ვიზიტის კონკრეტულ მონაკვეთებს. ჩანაწერები იმავე დღეს გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდზეც. საჯაროდ გავრცელებულ ჩანაწერებში სახალხო დამცველის რწმუნებულების სახეები არ არის დაფარული და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია.

„ვინაიდან სახალხო დამცველის ერთ-ერთი რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება და გაუგებარია ვიდეოჩანაწერის დაარქივების მიზნობრიობა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მხრიდან ვიდეოჩანაწერების დაარქივებისა და ხანგრძლივი ვადით შენახვის პროცესში სახეზეა ცალსახა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, ორივე რწმუნებულის ეპიზოდში - მათი მაიდენტიფიცირებელი ვიდეოკადრების გასაჯაროება არღვევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს ასევე შეაფასოს ხსენებული ვიდეო ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების საკითხი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული სანქციების მექანიზმი.

ამას გარდა სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, სახელმწიფო ინსპექტორმა შეისწავლოს იუსტიციის სამინისტროში ვიდეოჩანაწერების დაარქივების ზოგადი პრაქტიკა და სხვა კანონდარღვევების აღმოჩენის შემთხვევაშიც გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

ლაშა დარსალია დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საქართველოში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. მინისტრის მოადგილის დიპლომატებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრის მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გამწვავებული ვითარება. ლაშა დარსალიამ ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში ადგილზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. პოსტების აღმართვაზე“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რაც გასული წლის სექტემბერში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვამ და თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია.

„შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მაღალ დონეზე“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

ჩუგოშვილი კონგრესმენების წერილზე: საქართველომ მიიღო დიდი რეპუტაციული ზიანი

თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ 4 ამერიკელი კონგრესმენისგან გამოგზავნილი წერილით საქართველომ, როგორც მინიმუმ დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო.

დეპუტატის შეფასებით, ეს პროცესი გაგრძელდება და დროთა განმავლობაში გამოჩნდება, „კიდევ რა ზიანი შეიძლება მოგვადგეს ყველას ერთად“. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი მმართველი გუნდის მტკიცება იმის შესახებ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნა შიდა დემოკრატიის შედეგი იყო.

თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოგზავნილი ბოლო წერილი უფრო მძიმე იქნება, ვიდრე წინა:

"თავდაპირველად, დეკემბერში ორმა კონგრესმენმა, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, გამოგზავნეს წერილი, რომლის პასუხადაც საქართველოს მთავრობამაც გააგზავნა წერილი. გუშინ რაც ვიხილეთ, ეს არის მთავრობის წერილზე გამოგზავნილი პასუხი. იმის მიუხედავად, რომ მისი შინაარსი ჯერ არ ვიცით, მოლოდინი მაქვს, რომ ეს პასუხის პასუხი კიდევ უფრო მძიმეა. ამჯერად წერილის ავტორი აღარ არის მხოლოდ ორი კონგრესმენი. წერილის ავტორებს შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა“, - აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი. მისი შეფასებით, ცუდადაა საქმე, თუ "ქართული ოცნება" ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას:

„სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა განცხადებაც რომ წავიკითხოთ, ესეც კარგი იქნება, რადგან მასშიც ბევრი გასათვალისწინებელი რამ წერია,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. იგი იმედოვნებს, რომ მთავრობის ადმინისტრაცია გაასაჯაროვებს კონგრესმენების წერილს.

აშშ-ის კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზიგერმა, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეა, 21 ინვარს "ტვიტერით" გაავრცელა ცნობა, რომ მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს წერილი, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.

კინზინგერმა და აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მეორე თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ დეკემბერშიც გაუგზავნეს გახარიას ღია წერილი, რომელშიც გამოთქვეს მზარდი შეშფოთება "ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ".

დიმიტრი ხუნდაძე: კონგრესმენი კინზინგერი თვითონ არის მაჟორიტარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ეხმაურება აშშ-ის კონგრესმენის ადამ კინზინგერის თანაავტორობით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. ამასთან, ხუნდაძე კიდევ ერთ კონგრესმენს ახასიათებს.

„მაგალითად, ამერიკელი კონგრესმენი მალენი, ეს არის „ფრონტერას” ოფიციალური ლობისტია და სწორედ, იმ კონგრესმენთა რიგებშია, რომლებიც დღეს ასე თუ ისე ახორციელებს ინფორმაციულ, ასე ვთქვათ, ზეწოლას ჩვენზე. ასევე, კონგრესმენი კინზინგერი, რომელიც თვითონ არის მაჟორიტარი და არცერთი განცხადება არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ, ჩემი თანამომხრეები, როცა ამერიკულ საარჩევნო სისტემას ვთავაზობდით და დღესაც ვთავაზობთ, არცერთი განცხადება არ გაუკეთებია და დემოკრატულად აღიარებს პროპორციულ სისტემას, თითქოს არადემოკრატულია მაჟორიტარული სისტემა და თვითონ არის მაჟორიტარი”, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ „ტვ პირველის” ეთერში.

რესპუბლიკელმა ადამ კინზიგერმა, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეა, „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა, რომ მან და მისმა კოლეგებმა (ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა) გიორგი გახარიას მისწერეს წერილი, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.

კინზინგერმა და აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მეორე თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ დეკემბერშიც გაუგზავნეს გახარიას ღია წერილი, რომელშიც გამოთქვეს მზარდი შეშფოთება "ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ".

სირიაში 40 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მხარდაჭერით განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად

სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა სირიაში რუსეთის ხელმძვანელობით განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება თვითმხილველებზე დაყრდნობით. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ინტენსიური სროლის გამო სახლები დატოვა 350 ათასამდე მოსახლემ, ათიათასობით ადამიანი გაიქცა თურქეთის საზღვრისკენ.

დეკემბრის შუა რიცხვებში სამთავრობო ჯარებმა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით განაახლეს იერიშები პროვინცია იდლიბში. ეს უკანასკნელი ტერიტორიაა მდინარე ევფრატის დასავლეთით, რომელსაც სირიის შეიარაღებული ოპოზიცია აკონტროლებს. ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, დეკემბერში სროლის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი. როგორც იტყობინებიან, დაინგრა საავადმყოფოები და სკოლები.

მოსკოვი და დამასკი უარყოფენ განურჩეველი დაბომბვის ბრალდებებს და აცხადებენ, რომ დარტყმებს ახორციელებენ რადიკალი ექსტრემისტების პოზიციებზე.

კიევში ცოცხალი ჯაჭვით აღნიშნეს ერთობის დღე

ასობით უკრაინელმა შექმნა ცოცხალი ჯაჭვი კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალ ხიდზე, 1919 წელს უკრაინის სახალხო რესპუბლიკისა და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის შექმნის აღსანიშნავად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ერის, როგორც მთლიანობის შეგრძნება ჩნდება არა მხოლოდ საერთო ტრადიციიდან, კულ ურიდან და რელიგიიდან, არამედ ასევე ღირებულებებიდან „რომლებიც უკრაინის ყველა კუთხეში არის მისაღები“.

„იმისთვის, რომ ძლიერი იყო, უნდა გაერთიანდე. იმისთვის, რომ გაერთიანდე, ძლიერი უნდა იყო. ეს უნდა გვახსოვდეს,“ განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადების ფონია ახალი მცდელობა, განახლდეს სამშვიდობო პროცესი რუსეთთან ურთიერთობებში, რომელმაც უკრაინაში დაბნეულობასა და დანაწევრებას შეუწყო ხელი.

უკრაინასთან კრემლის ურთიერთობა განსაკუთრებით გაუარესდა 2014 წლის თებერვლის შემდეგ, როცა ჩამოაგდეს პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. ამის შემდეგ მალე რუსეთმა მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის დახმარების აღმოჩენა. დონბასში ბრძოლების შედეგად დღემდე 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საპროცესო შეთანხმებას ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის ადვოკატიც ითხოვს

ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე

არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ-ს ადვოკატმა პროკურატურას მიმართა განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ.

ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ეს გადაწყვეტილება დღეს, 22 იანვარს აცნობა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელიც ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა საქმეს განიხილავს. დაცვის მხარის განცხადების გამო, საქმის განხილვა 24 იანვრამდე გადაიდო. მომდევნო სხდომამდე პროკურატურის პოზიცია უნდა გაირკვეს.

„პირდაპირ გეტყვით, რომ დიდი მოლოდინი არა მაქვს გარკვეული ნეგატიური გავლენებიდან გამომდინარე, რაც მოხდა ორ ოჯახს შორის. იყო კონკრეტული პირი, თუ პიროვნებები, ვინც შეეცადა არასწორი ინფორმაციით ოჯახებს შორის დადებითი როლი ეთამაშა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა, პირიქით, არასწორი ინფორმაციის მიტანა ხდება უფრო მეტი ნეგატიური შედეგის გამომწვევი“, - უთხრა ჟურნალისტებს რამაზ ჩინჩალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

ადვოკატმა ყველას მიმართა, რომ შეთანხმების გარეშე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის სახელით ნუ მივლენ ლევან დადუნაშვილის ოჯახთან შერიგებისა და მოლაპარაკების მიზნით.

უზენაეს სასამართლოში დღევანდელი სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ მედიას აცნობა, რომ მიღწეულია საპროცესო შეთანხმება დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ-ს დაცვის მხარესთან: „ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ასევე, მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმებულ იქნა საპროცესო შეთანხმება“.

ნადირაძემ საპროცესო შეთანხმების დეტალები არ დაასახელა იმ მოტივით, რომ საქმის განხილვა დახურულია.

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ჯ-მ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ბ-ს კი, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას.

თბილისის ვიცე-მერი: პარლამენტთან ტერიტორიის რეაბილიტაცია საპროტესტო ზონას არ უკავშირდება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იმის გამო არ დაწყებულა, რომ იქ საპროტესტო ზონაა. მისი თქმით, ესაა ქალაქის ცენტრალური ადგილი და მისი რეაბილიტაცია მომართვების საფუძველზე დაიგეგმა. ირაკლი ბენდელიანის თქმით, საპროექტო დოკუმენტაცია მერიამ გასულ წელს შეიძინა:

ეს არანაირად კავშირში არ არის არანაირ საპროტესტო ზონასთან და არეალთან, არის ჩვეულებრივი, ქალაქისთვის ცენტრალური ადგილი. არის განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა, ისტორიული მნიშვნელობის შენობა და აუცილებელი არის მიმდებარე ტერიტორია იყოს მოწესრიგებული. რა შადრევნებიც არსებობს, ამისი სატუმბი სადგურია ქვევით მოწყობილი, როდესაც პერიოდული ინსპექტირება ხორციელდებოდა იყო შემთხვევები, როდესაც უკვე წვიმის დროს წყალი ჩადიოდა და საფრთხეს უქმნიდა ხოლმე ამ შადრევნების სატუმბ სადგურს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ვიცე -მერმა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, პარლამენტის წინა ტერიტორიის რეაბილიტაციას დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დასჭირდება. თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო სამუშაოებს „გრინ სერვისი“ განახორციელებს.

"გრინსერვისში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ, ხელშეკრულებით, შესრულებული სამუშაო თბილისის მერიას ორი თვის ვადაში უნდა ჩააბარონ. კომპანიის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე განმარტავს, რომ დამტვრეული ფილები ტრავერტინის ფილებით უნდა ჩანაცვლდეს.

“ჯერჯერობით, აყრა მიმდინარეობს. ჰიდროიზოლაციის მოწყობა, ფილები აღდგენა და მოპირკეთება. ფანტანებს გააკეთებს თბილსერვის ჯგუფი, ალბათ”, - ამბობს ფურცხვანიძე.

თბილისის მერიამ 2020 წლის პირველ იანვარს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე. წინადადებების მიღება 6 იანვარს დასრულდა, გამარჯვებული ერთადერთი პრეტენდენტი, "გრინსერვის" გახდა.

პარლამენტის წინა ტერიტორიაზე, საახალწლოდ საპროტესტო კარვების ადგილას გაშლილი საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობისთვის განკუთვნილი დახლები, 22 იანვარს ღამით დაშალეს. 22 იანვრის დილიდან ტერიტორია შემოღობილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

"ეზოში ავი ქოცია", "ბიძინას ბოსტანი" - ეს და საპროტესტო ხასიათის სხვა წარწერები გააკეთეს სამოქალაქო აქტივისტებმა ღობეზე. ისინი აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მათ პროტესტის გამოხატვაში ხელს ვერ შეუშლით.

შემსრულებელი კომპანია: პარლამენტთან შემოღობილი ტერიტორიის რეაბილიტაციის ვადა 60 დღეა

პარლამენტის წინ შემოღობილი ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში ამბობენ, რომ, ხელშეკრულებით, შესრულებული სამუშაო თბილისის მერიას ორი თვის ვადაში უნდა ჩააბარონ.

პარლამენტის წინ - სადაც საპროტესტო კარვების ადგილას, საახალწლოდ, საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობისთვის განკუთვნილი დახლები დადგეს - 22 იანვრის დილიდან სარეაბილიტაციოდ შემოღობილია.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დამტვრეული ფილები ტრავერტინის ფილებით უნდა ჩანაცვლდეს, შემოღობილი ტერიტორიის რეაბილიტაციის ვადა კი 60 დღეა:

“ჯერჯერობით, აყრა მიმდინარეობს. ჰიდროიზოლაციის მოწყობა, ფილები აღდგენა და მოპირკეთება. ფანტანებს გააკეთებს თბილსერვის ჯგუფი, ალბათ”, - ამბობს ფურცხვანიძე.

თბილისის მერიამ 2020 წლის პირველ იანვარს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე. წინადადებების მიღება 6 იანვარს დასრულდა, გამარჯვებული, ერთადერთი პრეტენდენტი, გრინსერვის+ გახდა.

თბილისის მერია სატენდერო დოკუმენტაციაში წერს, რომ პარლამენტის შენობის წინ განთავსებული შადრევნების სატუმბი სადგური მდებარეობის მიწისქვეშ, ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს კი ხდება წყლის ჩაჟონვა, რაც საფრთხეს უქმნის და აზიანებს მიწისქვეშ განთავსებულ სატუმბ სადგურს.

NCDC: რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით

კორონავირუსიის გავრცელების ხიფათი საქართველოში მინიმალურია და არავითარი რეკომენდაცია რაიმე სახის ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ამ დრომდე არ მიუღია, - ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

„ჩვენი ქვეყნისთვის რისკი მინიმალურია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან რაიმე სახის აკრძალვაზე მოგზაურობის ან სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებით საუბარი არ არის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, თბილისის დროით 18:00 საათზე შედგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო კომიტეტის სხდომა. სადაც გაანალიზდება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული ვითარება და გაიცემა რეკომნედაციები. რა სახის რეკომენდაციას მიიღებს საქართველო ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის და საქართველოსთვის გათვალისწინებული გეგმების შესახებ ხვალ ჯანდაცვის სამინისტროშიც იმსჯელებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2 სახის რეკომენდაციას ავრცელებს:

რეკომენდაცია უჰანში წამსვლელებისთვის

  • მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს
  • მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს, ცხოვრელთა ბაზრებსა და ფერმებს. ცხოველურ პროდუქტებს. თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს.
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. ასეთის არარსებობს პირობებში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები.
  • ხანში შესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მგზავრებმა უჰანში გამგზავრებით შესაძლებელია მეტი რისკი შეუქმნან თავის ჯანმრთელობას.

რეკომენდაცია თუ თქვენ უკვე იმოგზაურეთ უჰანში და გაქვთ:

  • მაღალი ტემპერატურა, ხველება ან სუნთქვის გაძნელება დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას
  • აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ
  • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს
  • არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში
  • დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდანო ცხვირსახოცით
  • ტანსაცმის სახელოს ნუ გამოიყენეთ ცემინების და ხველების დროს
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. ასეთის არარსებობს პირობებში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები.
  • სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს დეზინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 21 იანვრის მონაცემებით, ახალი რესპირატორული და პოტენციურად ლეტალური კორონავირუსით 440 ადამიანია დაავადებული 13 პროვინციაში, დაღუპულია ცხრა და უკვე არის მტკიცებულება, რომ ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 21 იანვრის მდგომარეობით, ვირუსით დაავადებულია 300-მდე ადამიანი. გარდაიცვალა - 6.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა აშშ-მა. ვაშინგტონის შტატის მცხოვრები, რომელიც 15 იანვარს დაბრუნდა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, სიეტლის საავადმყოფოშია მოთავსებული. საქმე ეხება 30-დან 40 წლამდე მამაკაცს, რომელმაც ექიმებს 19 იანვარს მიაკითხა, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება.

ახალი ვირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უჰანში დაფიქსირდა. მეცნიერების ვარაუდით, ვირუსი ცხოველიდან გავრცელდა.

"გირჩი" გრიგოლ ვაშაძესთან ლაპარაკს აღარ აპირებს

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ მონაწილეობას აღარ მიიღებს ოპოზიციის წარმომადგენელთა იმ შეხვედრებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის გამომხატველი იქნება ამ პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ვაშაძის განცხადება, რომელიც მან 21 იანვარს გააკეთა „მთავარი არხის" ეთერით.

„ყველას დიდი მადლობა, მაგრამ პროპორციული არჩევნების დადება კონკრეტულად ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებააო, არაფერი შეგეშალოთო. ჰოდა: „გირჩი“ გააგრძელებს კონსულტაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებთან (ისევე როგორც სხვა პარტიებთან) იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ (როგორ დავშალოთ სისტემა, როგორ მოვახდინოთ ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია), მაგრამ ჩვენ არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს. მათ შორის, ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებში, სადაც ეს ადამიანი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკის გვერდზე.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დათანხმდა სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით, 2019 წლის 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციული არჩევნები.

თუმცა, 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელსაც ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა. ამას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG