Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაა


დავით ზალკალიანი და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. თბილისი, 2019 წლის 11 ნოემბერი
დავით ზალკალიანი და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. თბილისი, 2019 წლის 11 ნოემბერი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დიდი პასუხისმგებლობა უწოდა ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლისთავზე საქართველოს პირველ თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში.

დღეს, 11 ნოემბერს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან თბილისში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა თქვა, რომ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ იმუშაოს ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და ხელი შეუწყოს ევროსაბჭოს მთავარი ღირებულებების - ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.

ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველომ შეიმუშავა 6-თვიანი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და კალენდარი, რომელიც მოიცავს კონფერენციებს და სხვადასხვა ღონისძიებას.

პრიორიტეტები და თავმჯდომარეობის კალენდარი დადგენილი წესის მიხედვით გამოქვეყნდება თავმჯდომარეობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას 27 ნოემბერს, საფრანგეთისგან გადაიბარებს.

თბილისში დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ე.წ. ბორდერიზაციას და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებს.

გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია. გეგმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით რეფორმების გაგრძელება. რიგით მესამე სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი 17.5 მილიონი ევროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG