Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას დახურული გადაკვეთის პუნქტები


„საქართველოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ზრდა სრულებით მიუღებელია“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენების შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

ევროკავშირისთვის, ასევე, მიუღებელია სამხრეთ ოსეთის მხრიდან ფაქტობრივად მცდარი განცხადებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ქმედებებისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ, რაც მხოლოდ ამწვავებს დაძაბულობას.

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა შესაბამის მხარეს, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ და სიტუაციის ესკალაციის გამომწვევი ყველა შესაძლო ნაბიჯისა და განცხადებისგან თავი შეიკავონ. სანაცვლოდ, ინციდენტების პრევენციისა და გადაწყვეტილებების მოსანახად მუდმივად უნდა იქნას გამოყენებული ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ერგნეთში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.

ასევე, მიიჩნევს ევროკავშირი, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას სექტემბრის დასაწყისიდან დახურული გადაკვეთის პუნქტები. მისი შეფასებით, ყოველივე ეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და სხვა პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო გზაა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობა, სიტუაციის დასასტაბილურებლად მიმდინარე მუშაობაში საკვანძო როლს ასრულებს.

ევროკავშირის თანახმად, მიუღებელია და უნდა შეწყდეს სამხრეთ ოსეთის მცდელობები, როგორც განცხადებების, ასევე ქმედებით, რომელიც მისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და მისი მანდატის შეზღუდვაზეა მიმართული.

„ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სრულად ერთგულია და კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG