Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მღელვარებას კიდევ ოთხი პირი ემსხვერპლა


ერაყში, სამხრეთის ქალაქ ნასირიეში წუხელ განახლდა შეხლა-შემოხლა უსაფრთხოების ძალებს და დემონსტრანტებს შორის, რასაც ოთხი დემონსტრანტის სიკვდილი მოჰყვა, დაშავდა 130-მდე პირი - აცხადებს უფლებადამცველი უწყება.

მსხვერპლი მოჰყვა კონფრონტაციას განათლების დირექტორატის შენობის წინ, მაშინ, როცა უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ნახევრადოფიციალური უწყება, ერაყის ადამიანის უფლებების კომისია, რომელიც ძალადობას "სამწუხაროს" უწოდებს და დასძენს, რომ რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

პარალელურად, 11 ნოემბერს ერაყში გაეროს მთავარმა წარმომადენელმა, ჟანინ ჰენის-პლასხარტმა შიიტურ ქალაქ ნაჯაფში შეხვედრა გამართა წამყვან შიიტ სასულიერო პირთან, დიდ აიათოლა ალი ალ-სისტანისთან, რათა განეხილა გაეროს მიერ ერთი დღით ადრე შეთავაზებული რეფორმები.

დემონსტრაციები, რომლებიც იმართება კორუფციის და ცხოვრების პირობების გაუარესების გაპროტესტების მიზნით, გასულ თვეში დაიწყო და მას შემდეგ სულ მცირე 320 დემონსტრანტი იქნა მოკლული უსაფრთხოების ძალების მიერ.

ჰენის-პლასხარტის თქმით, სისტანიმ მას უთხრა, რომ მხარს უჭერს "სერიოზული რეფორმების გატარებას დროის გონივრულ პერიოდში". თუმცა, გაეროს წარმომადგენელმა დასძინა, სისტანის ის გარემოება აშფოთებს, რომ "პოლიტიკური ძალები არ არიან საკმარისად სერიოზულად განწყობილნი საიმისოდ, რომ ეს რეფორმები გაატარონო".

დემონსტრანტები უჩივიან ფართოდ გავრცელებულ კორუფციას, სამუშაო ადგილების ნაკლებობას, საბაზისო სერვისების ხარვეზებს, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდების რეგულარულ წყვეტას. ერაყში 40 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ის მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეხუთე მაწარმოებელი და ექსპორტიორია, მაგრამ მოსახლეობაში სიღარიბის მაჩვენებელი 20 პროცენტს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG