Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუნდაძე შერეული სისტემის შენარჩუნების და მაჟორიტარების რამდენიმე ოლქში დაყენების მომხრეა


დიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შეინარჩუნოს, თუმცა მხოლოდ იმ ოლქებში დააყენოს საკუთარი კანდიდატურები, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსები.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში დიმიტრი ხუნდაძე წერს, რომ ამ ნაბიჯით მმართველი პარტია შეძლებს გაფანტოს ეჭვი, რომ მას კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს:

„ვთავაზობთ უმრავლესობის დანარჩენ წევრებს, შევინარჩუნოთ შერეული საარჩევნო სისტემა და არ დავაყენოთ საკუთარი კანდიდატი არც ერთ იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორი ფრთის გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ კონკურენტუნარიან წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების მოპოვების რეალური შესაძლებლობა და ამ ნაბიჯით გავფანტოთ ყოველგვარი ეჭვი, რომ ჩვენ ჭარბი, საკმარისზე მეტი ძალაუფლების ანდა კვლავაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ვისახავთ მიზნად. შედეგად, საზოგადოებისათვის მიცემული დაპირების შესაბამისად, გზა გავუხსნათ პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, მათ შორის, კოალიციურ მმართველობაში, თუ ასეთი რეალობა დადგა.

დარწმუნებული ვართ, რომ მაჟორიტარული არჩევნების ამგვარად ორგანიზების პირობებში ბევრად იზრდება სხვა პოლიტიკური მოთამაშეების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების დამარცხების ალბათობა, რადგან ამ უკანასკნელებს, სინამდვილეში, არ გააჩნიათ ხალხის არავითარი პერსონალური ნდობა და პატივისცემა და სწორედ ამიტომ ილტვიან ასე გამალებით პროპორციული სისტემისკენ, რათა ლამაზ დასახელებებს ამოაფარონ საკუთარი სისხლიანი წარსული და სახე“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე. იგი ფიქრობს, რომ მისი ეს ინიციატივა ეფექტიანად მოემსახურება პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა მრავალფეროვნების იდეას ისე, რომ არ „ვახეიროთ ნაცები“. ამ მიზნისთვის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, არც ხალხისთვის მიცემული პირობის უკან წაღებაა პრობლემა:

„აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ შესაძლოა, ჩვენი უმრავლესობის ზოგიერთ წევრში უხერხულობას იწვევდეს ის გარემოება, რომ, გარკვეულწილად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზების უკან წაღება გვიწევს. მაგრამ მოდი, გავიხსენოთ, როგორ შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთა და მათი ახალგაზრდული დანამატები ჩვენს ინიციატივას - ნებაყოფლობით გვეთქვა უარი 73 მაჟორიტარულ მანდატზე, რადგან, სხვამ თუ არა, ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად გვესმის, რომ არსებულ ვითარებაში, "ქართულმა ოცნებამ" რომ მაჟორიტარული არჩევნები წააგოს ნაცებთან, ამის თეორიული შანსიც არ არსებობს? ჩვენ ხომ მათგან არც მადლობას ვითხოვდით და არც ქათინაურებს, მაგრამ ელემენტარული ადეკვატურობა მოითხოვდა, რომ, მინიმუმ, დადებითი რეაქცია ჰქონოდათ ამ, პირდაპირ ვიტყვი, საჩუქარზე. მათ კი ჯერ თავად მიიწერეს ეს აქტივი და უფრო შორსაც წავიდნენ, უკვე თვეებია ხალხს ეუბნებიან, რომ მათ გვაიძულეს გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ამიტომ ნუ გვექნება კომპლექსი, რომ რამე უკან მიგვაქვს. რაც გაცემულად არ ჩაგვითვალეს - უკან როგორ წავიღებთ იმას? როცა უტიფართა მხრიდან ასეთ თავხედობას ვაწყდებით, არათუ უფლებამოსილი, ვალდებულიც კი ვართ შევცვალოთ მიდგომა და გაკოტრებული დავტოვოთ "ნაციონალური მოძრაობა", - წერს დიმიტრი ხუნდაძე „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

როგორც დეპუტატი ამ ვრცელი მიმართვის დასაწყისში აღნიშნავს, მიმართვა მან თანამოაზრეებთან ერთად მოამზადა და უმრავლესობის სხდომას წარუდგინა. სხდომამ, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართა, დიმიტრი ხუნდაძის შეთავაზება არ გაითვალისწინა.

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG