რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჯარიმის გადახდა დააკისრა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროსთან 11 ნოემბერს დაკავებულ ზურაბ ტუხიაშვილს და რამაზ ზადიშვილს.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს, 13 ნოემბერს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 9 და 11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაუკავებიათ კიდევ ორი მოქალაქე, თბილისელი ვაჟა გაფრინდაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მცხოვრები დავით მიშელაშვილი.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ე.წ. ლენინგორის რაიონის სოფლების, ახმაჯის და ორჭოსანის მიდამოებში დაკავებულ ზურაბ ტუხიაშვილს, რამაზ ზადიშვილს და დავით მიშელაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა და მათ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიიდან გააძევებენ.
რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, მის წინააღმდეგ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. საზღვრის განზრახ, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.
დაწერეთ კომენტარი