Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოში განიხილეს გენერალური მდივნის ანგარიში ოკუპირებული რეგიონების შესახებ


მავთულხლართები სოფელ ხურვალეთთან
მავთულხლართები სოფელ ხურვალეთთან

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტში განიხილეს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ.

ანგარიში მოიცავს პერიოდს 2019 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს და აღწერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა სპეციალური განცხადება, რომლითაც ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების შენარჩუნების მნიშვნელობას და სინანული გამოთქვა მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო.

ევროკავშირის განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გართულების გამო. მათ შორის, აღნიშნულია, რომ თავისუფლად გადაადგილებაზე დაწესებულმა უპრეცედენტო შეზღუდვებმა უკიდურესად მძიმე ვითარებაში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა. ხაზგასმულია, რომ ახალგორის რაიონში მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ბოლო ტრაგიკული მაგალითია. ევროკავშირი ხაზს უსვამს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობას.

ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების დაუსჯელობის გამოც და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას.

ევროკავშირის განცხადებით, ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევები, როგორიცაა უკანონო დაკავება, გადაადგილების თავისუფლების უპრეცედენტო შეზღუდვა და მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა ყოფს ოჯახებსა და საზოგადოებებს, იწვევს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის ზრდას და ზღუდავს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო წვრთნებისა და მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამასთან, ევროკავშირი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროექტებს და გააგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG